Aa Aa
18 მაისი 2020  |  16:21

ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ქართველი ოლიმპიელები ითვალისწინებენ პანდემიის გამო გამოწვეულ შეზღუდვებს და სპორტული ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებში აგრძლებენ.

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) - „გვიწევს სახლის პირობებში და ღია სივრცეში ვარჯიში, ვთქვათ, იქნება ეს სირბილი თუ რაიმე აქტივობა მინიმალური. იმიტომ, რომ ვიცით, ვერ ვახერხებთ სპორტულ დარბაზებში სიარულს და ასე შემდეგ. ბუნებრივ პირობებში რისი საშუალებაც გვაქვს, იმით ვკმაყოფილდებით. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს რაც შეეხება, ველოდებით როდის გაიხსნება დარბაზები, როდის იქნება საშუალება, რომ დავუბრუნდეთ ძიუდოს, ტატამს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეგ გვჭირდება. მით უმეტეს, ძიუდოისტისთვის უმნიშვნელოვანესია ყოველდღე პრაქტიკული ვარჯიში, ილეთების დამუშავება, ჭიდაობა, სპარინგ პარტნიორები და ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენთვის. პირველ რიგში, ველოდებით ამას, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მაქსიმალურ ფორმაში ყოფნა შევძლოთ.“

ზაზა ნადირაძე (კანოე) – „ვცხოვრობ დღევანდელი ყველა შეზღუდვის გათვალისწინებით, ვცდილობ ვიყო აქტიურად, პოზიტიურად, ვასრულებ სახლში სხვადასხვა სამუშაოებს, რაც ძალიან მიმსუბუქებს ყოველდღიურობას. ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ვარჯიშს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვვარჯიშობ, სახლის პირობებში, ვცდილობ ფორმა არ დავკარგო. ჯერჯერობით გამომდის ფორმის შენარჩუნება, მაგრამ ვაღიარებ, რომ ცოტათი რთულია ასეთ რეჟიმში. ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა და მიზანი ამ შემთხვევაში არის პირველ რიგში ლიცენზია. მზად ვარ მივიღო ყველაზე რთული დატვირთვები, მოტივაცია უმაღლესია. ვარ საბრძოლო განწყობაზე, ლიცენზიის აღების შემთხვევაში კი. რა თქმა უნდა. ტოკიოს უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლა იქნება მიზანი რისთვისაც ძალღონეს არ დავიშურებ!“

გოგიტა არქანია (კარატე)„პანდემიის პირობებში ვარ ოჯახთან ერთად. ვასრულებ ექიმების ყველა რეკომენდაციას და მოთხოვნას. სირთულე იყო და არის ზოგადად ამ პირობებში ცხოვრება. გაუქმდა ყველა შეჯიბრი, რაც იყო დაგეგმილი და როდის განახლდება სპორტული საერთაშორისო ღონისძიებები, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ დაიდება. ამასთან შეგუება არის ძალიან რთული. მით უმეტეს, როცა დატვირთული გრაფიკი გაქვს და თითქმის ყოველ 10 დღეში შეჯიბრებებზე ვიყავი, უცებ ასეთ პასიურ რეჟიმში გადართვა არის ძალიან რთული. სპორტული ფორმის შენარჩუნება ამ შექმნილ ვითარებაში არ არის ადვილი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, აქტიურად ვივარჯიშო ყოველდღე. როდესაც არ გაქვს სავარჯიშო პირობები, ვგულისხმობ დარბაზს, სპარინგ პარტნიორს, რთულია ფორმის შენარჩუნება. უბრალოდ, როცა აცნობიერებ, რომ სხვა გზა არ გვაქვს და უკლებლივ ყველა ამ სიტუაციაშია, გვიწევს მოვერგოთ ამ რეალობას. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს რაც შეეხება, პირველი გეგმა და მიზანი არის ლიცენზიის აღება და შემდეგ უნდა ვიბრძოლო მაქსიმალური შედეგისთვის.“

დავით ხარაზიშვილ (მძლეოსნობა, მარათონი) – „ რთული პერიოდის მიუხედავად, ვიცავ ყველა რეკომენდაციას და შეზღუდვას. ამასთან, ვცდილობ ვიყო აქტიური და სასარგებლოდ გამოვიყენო თავისუფალი დრო. ჩემზე, ისევე როგორც ნებისმიერი სპორტსმენის მომზადებაზე, უარყოფითად აისახა შექმნილი ვითარება, მაგრამ სპორტის სახეობიდან გამომდინარე, მაინც ვახერხებ ინდივიდუალურად ვარჯიშს, პარკებსა და ქალაქის ქუჩებში სირბილთან ერთად, აქტიურად ვვარჯიშობ სახლის პირობებში, სარბენ ბილიკზე და ვასრულებ სხვადასხვა ძალისმიერ ვარჯიშებს. მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო ოპტიმალური ფორმა. პირველ რიგში, ვემზადები ტოკიოს ლიცენზიის მოსაპოვებლად. ვეცდები, პირველივე ოფიციალურ შეჯიბრებაზე შევასრულო ოლიმპიური ნორმატივი, რათა ხანგრძლივი პერიოდი მქონდეს მოსამზადებლად უკვე ოლიმპიური თამაშებისთვის. მაქვს უდიდესი გამოცდილება რიო2016 წლის ოლიმპიადიდან და მაქსიმალურად ვეცდები ეს გამოცდილება გამოვიყენო მომზადების პერიოდში და უშეცდომოდ გავიარო ეს ეტაპი. ძალისხმევას არ დავაკლებ, რათა ღირსეულად წარვადგინო საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ მარათონში”

ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) – „პანდემიის პერიოდში ვიმყოფები სვანეთში ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო ყოველდღე ვვარჯიშობ სახლში. მეტნაკლებად ვახერხებ სპორტული ფორმის შენარჩუნებას. ვცდილობ, სულ ტონუსში ვიყო და არ ამოვვარდე ფორმიდან. გეგმებს რაც შეეხება, ჩემი მიზანია წარვსდგე ოლიმპიურ თამაშებზე და მოვიპოვო უმაღლესი სინჯის მედალი, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ.“

გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა) - სირთულეების მეტი რა არის. უპირველეს ყოვლისა, აქტიური სპორტული ცხოვრების მერე ასეთ პასიურ მდგომარეობაში რომ გვიწევს ყოფნა, ძალიან რთულია. შემდეგ კი ის, რომ სახლში თითქმის არანაირი პირობაა არაა, რომ სათანადოდ მოემზადო და ფორმაში იყო , მითუმეტეს ჩემი სპორტიდან გამომდინარე. მჭირდება ბირთვები, სივრცე, სადაც ჩავატარებ ვარჯიშს და ბირთვს ვკრავ, თანაც ისეთი ადგილი, სადაც 7 კილოს დაცემა პრობლემას არ წარმოადგენს. ამას კიდევ ემატება შტანგის პრობლემა. ვინაიდან ჩემი სპორტი ძალისმიერია, მჭირდება სიმძიმეების აწევა და ესეც დიდ სირთულეს წარმოადგენს , მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე მაინც ეს ვირუსია. ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე გაივლის და ყველა ოლიმპიელი და სპორტსმენი მალევე ჩავდგებით სათანადო ფორმაში. სპორტული ფორმის შენარჩუნების რა გითხრათ. მხოლოდ და მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ბოლომდე არ მოვდუნდე და არ ამოვარდე ფორმიდან. შეძლებისდაგვარად დავრბივარ და სახლის პირობებში ვარჯიშებს ვასრულებ. ვფიქრობ, რომ რაღაც დონე დაჭერილი მაქვს და არ ვკარგავ ბოლომდე თავს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით იმედები და გეგმები დიდია. რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენის და ჩემიც ოცნება და მიზანი ოლიმპიადაა. ამისთვის ვვარჯიშობთ და ვისწრაფვით. ამ გადასახედიდან ცოტა რთულია ჯერ ოლიმპიადაზე საუბარი, მაგრამ ღმერთის წყალობით თუ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ვაპირებ მედლისთვის ბრძოლას."

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) – „ნამდვილად რთული იყო ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ უფრო მეტი დრო მაქვს, რომ ოჯახთან გავატარო და მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის ძალიან ბედნიერებაა. ამიტომ არ მიჭირს მაგ მხრივ. რა თქმა უნდა, მინდა რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს და ხალხმა მშვიდად შეძლოს აკეთოს თავისი საქმე. სპორტული ფორმის შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ვახერხებ, სახლის პირობებში ვვარჯიშობ. რაც შესაძლებელია, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ნამდვილად მძიმე იყო ოლიმპიური თამაშების გადადება ჩემთვის, მაგრამ ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება ხოლმე. მაგრამ მოტივაცია იგივეა და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს."

ბადრი ყაველაშვილი (კანოე) –„ვაგრძელებ ვარჯიშს ყოველდღიურ რეჟიმში შეძლებისდაგვარად,თუმცა, ჩემთვის სირთულეა საქართველოში სპორტული ბაზის არ ქონა და ამ პერიოდის მანძილზე ვერ ვახერხებ შესაბამისი დატვირთვით ვარჯიშს, რაც მჭირდება საერთაშორისო შეჯიბრებზე მომზადებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას. პირველ რიგში, ჩემი მიზანია ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მიღება და შემდეგ ლიდერ პოზიციებზე ასპარეზობა."

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!