პირლო: "ჩემსა და ტონალის შორის დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ"
იტალიური „ბრეშას“ 20 წლის ტალანტ სანდრო ტონალის სათამაშო სტილით ანდრეა პირლოს ადარებენ. თუმცა, თავად პირლოს აზრით, ტონალი მისგან განსხვავდება. ლეგენდამ ამის შესახებ გუშინ „ინსტაგრამ live“-ში ისაუბრა.
„ამბობენ, რომ იგი შეიძლება ჩემი მემკვიდრე იყოს, მაგრამ პირადად მე ჩვენ შორის ბევრ საერთოს ვერ ვხედავ. სანდრო განსხვავებული ტიპის მოთამაშეა, უფრო სრულყოფილია ორივე ფაზაში - როგორც შეტევების ჩაშლისას, ისე მათი წამოწყებისას.
ვიტყოდი, რომ იგი არის ჩემნაირი მოთამაშეებისა და ოდნავ განსხვავებული სტილის საყრდენთა შერეული პროდუქტი. ნახევარმცველებს შორის ყველაზე პერსპექტიულია და უდავოა, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება“.
სანდრო ტონალის „ბრეშას“ ძირითად გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, თანდათან კი ლომბარდიელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მას გასულ წელს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ „სკუადრა აძურას“ ღირსება 3 მატჩში დაიცვა.