არველაძე: ''გული უზომოდ დამწყდა, მისი დახმარებით უამრავ ტრავმას ვაჯობეთ''
Aa
Aa

არველაძე: ''გული უზომოდ დამწყდა, მისი დახმარებით უამრავ ტრავმას ვაჯობეთ''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე დიდ მწუხარებას გამოთქვამს ექიმ დათო დათუნაშვილის გარდაცვალების გამო.

შოთა არველაძე ვრცელ პოსტში ''რეინჯერსში'' ყოფნის იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როცა ტრავმები აწუხებდა და დათო დათუნაშვილთან მკურნალობით მოედანს ოპერაციის გაკეთების გარეშე დაუბრუნდა.

შოთა არველაძე: ''უზომოდ დამწუხრებული ვარ, ჩემი ახლო მეგობრის და გამორჩეული ექიმის, დათო დათუნაშვილის გარდაცვალებით. მე და აჩიმ, მისი დახმარებით უამრავ ტრავმას ვაჯობეთ და რომ არა დათო, ჩვენი კარიერა ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც გულშემატკივრის მეხსიერებაში დარჩა. რეინჯერსში ყოფნის პერიოდში, ზედიზედ მიღებული რამდენიმე ტრავმის შემდეგ, კოჭის ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე და დათომ მითხრა, დამელოდე და ისე გიმკურნალებ, ოპერაცია არ დაგჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ, მკურნალობა მასთან დავიწყე და მოედანს სრულფასოვნად, ოპერაციის გარეშე დავუბრუნდი.''

შოთა არველაძე გლაზგოს ''რეინჯერსში'' 2001-05 წლებში თამაშობდა. ქართველი თავდამსხმელი შოტლანდიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, არველაძემ შოტლანდიის თასი ორჯერ მოიგო, პირველად 2002 წელს, მეორედ 2003 წელს.

არველაძის შოტლანდიურ კარიერაში ყველაზე წარმატებული 2002-03 წლების სეზონი იყო, როცა ''რეინჯერსმა'' პრემიერ ლიგისა და შოტლანდიის თასის გარდა ლიგის თასიც მოიგო, თუმცა ტრავმების გამო რთული პერიოდებიც ჰქონდა. როცა არველაძე ტრავმებს ებრძოდა, ''რეინჯერსში'' სტაჟირებაზე სანდრო იაშვილი იმყოფებოდა.

იაშვილმა CrystalSport-თან ინტერვიუში არველაძის რთული პერიოდი გაიხსენა: ''შოთის მონდომებით გაოცებული ვიყავი. მუხლის ტრავმა ჰქონდა, ყოველდღე მასაჟს იკეთებდა, რამდენს წვალობდა რომ მუხლს ''გაეშვა.''ამიტომ ითამაშა დიდი ფეხბურთი და ამიტომ გახდა ვარსკვლავი. ეს იყო დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი. შორიდან რომ შეხედო, შეეძლო ბევრი არ ენერვიულა, მაგრამ იმდენს ნერვიულობდა და თავს ისე უვლიდა, რომ კარგ ფორმაში ყოფილიყო, მისი მონდომებით გაოცებული ვიყავი. ამიტომ გახდა ვარსკვლავი.''

ფოტო: შოთა არველაძის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები