''უნიკალური შანსია, დიდი ფული დიდ გუნდს შექმნის'' - ქეცბაია ''ნიუკასლის'' ახალ მფლობელებზე
Aa
Aa

''უნიკალური შანსია, დიდი ფული დიდ გუნდს შექმნის'' - ქეცბაია ''ნიუკასლის'' ახალ მფლობელებზე

''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფიქრობს, რომ ''ნიუკასლის'' ახალმა მფლობელებმა სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელებს ორჯერ მეტი ხელფასი უნდა შესთავაზონ. ''კაჭკაჭების'' საკულტო გმირის აზრით უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ''ნიუკასლის'' უმაღლესი დონის გუნდად გარდაქმნა.

თემურ ქეცბაია ექსკლუზიურად Sun-ს ესაუბრა: ''თუ გსურს შენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები იხილო, მათი სურვილია დიდი ფინანსები გამოიმუშავონ, მაგრამ მათ ლონდონში ცხოვრებაც სურთ. ასეთი დონის ფეხბურთელების მოსაყვანად საჭიროა მათ არსებულ ხელფასზე ორჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზო. ''ნიუკასლის'' ახალი მფლობელები სწორედ ამ ამოცანის წინაშე დგანან.

თუ კლუბი დიდ ფინანსებს დახარჯავს, რატომაც არა, ''ნიუკასლი'' კვლავ შეძლებს ტიტულისთვის ბრძოლას.

''ნიუკასლი'' დიდი კლუბია, რომლის თამაშს 50 000 გულშემატკივარი ესწრება. გუნდის შენების პროცესს მათი მხარდაჭერა ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

თუ კლუბის ახალ მფლობელებს შესაბამისი ფინანსები აქვთ, რომ გუნდმა ტიტულების მოგებისთვის იბრძოლოს, მაშინ ეს კლუბის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა.''

თემურ ქეცბაია ''ნიუკასლში'' 1997-2000 წლებში ასპარეზობდა. მისი გოლით ''კაჭკაჭები'' პირველად მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. გარდა ამისა, აღნიშნულ წლებში ''ნიუკასლი'' ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ორჯერ გავიდა, თუმცა ჯერ ''არსენალთან'', შემდეგ კი ''მან. იუნაიტედთან'' დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ორივე ფინალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაცილებით აქტიური ფერგიუსონის გუნდთან დაპირისპირებისას იყო.

თემურ ქეცბაიამ აღნიშნულ ინტერვიუში ათენის აეკ-ს დატოვება და ''ნიუკასლში'' გადასვლა გაიხსენა: ''ნიუკასლიდან'' დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთან თანამშრომლობა სურდათ. ვუთხარი, რომ ათენში ჩამოსულიყვნენ და გვესაუბრა. მათ კი მითხრეს, რომ უკვე ათენში იყვნენ. გაოცებული ვიყავი. ''ნიუკასლის'' მმართველს და რამდენიმე დირექტორს შევხვდი.

ვისაუბრეთ და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. გუნდის შეცვლისას ასე ადვილად გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია. მაშინ ''ნიუკასლში'' ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ. ''ნიუკასლი'' ტიტულისთვის ბრძოლაში ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' კონკურენციაში იყო.''

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1996-97 წლების სეზონში ''ნიუკასლი'' პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ჩამორჩა. აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ ქეცბაია თავისუფალი აგენტის სტატუსით იმდროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურ კლუბში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები