''დიდი კვალი დატოვა, გორგოძე რაგბის ლეგენდაა'' - ''მონპელიე'' ქართველის მადლიერია
ფრანგული სარაგბო კლუბი ''მონპელიე'' მამუკა გორგოძის აქტიური სპორტიდან წასვლას ეხმაურება. ქართული სპორტის 35 წლის ლეგენდა, რომელიც 2005-14 წლებში ''მონპელიეს'' ღირსებას იცავდა, კორონავირუსის პანდემიის გამო კარიერას ნაადრევად ასრულებს, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სექტემბრამდე სპორტული ღონისძიებები არ ჩატარდება.
''მონპელიეს'' ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: ''მამუკა ჩვენი კლუბისა და ზოგადად რაგბის ლეგენდაა. ის ''მონპელიეში'' 2005-14 წლებში ასპარეზობდა. მამუკა გორგოძემ ''მონპელიეში'' შესანიშნავი გამოსვლით დიდი კვალი დატოვა. არსებული ვითარების გამო გორგოძეს სათანადოდ ვერ ვაცილებთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დავივიწყოთ მისი კარიერა, მას პატივი უნდა ვცეთ, დიდი მადლობა მამუკა.''
აღნიშნული სიტყვების შემდეგ ''მონპელიეს'' ქომაგებმა ქართველის მიმართ არაერთი დადებითი შინაარსის კომენტარი დაწერეს. გთავაზობთ რამდენიმეს.
''ბედნიერი ვარ, რომ ''მონპელიეში'' მისი დებიუტის ნახვის საშუალება მქონდა. მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე საოცარი მონდომებით.''
''მამუკა გორგოძე ნამდვილი მეომარი იყო.''
''ის ნამდვილი მებრძოლი იყო, დიდი მადლობა საოცარი თამაშისთვის.''
მამუკა გორგოძე ''მონპელიეს'' დატოვების შემდეგ 2014 წლიდან მოყოლებული ''ტულონის'' ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში ქართველმა სპორტსმენმა საფრანგეთში 15 წელი გაატარა.
გორგოძე 2003-19 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
29 მარტს ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში მამუკა გორგოძემ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რაგბიში დარჩენას არ აპირებს: ''ტულონთან'' კონტრაქტი ივნისში მეწურება და კარიერასაც დავასრულებ. სპორტში დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა გვერდიდან რაგბის ჯარისკაცად ვრჩები.''