''ბელარუსს შემოდგომაზე შევხვდებით'' - კობიაშვილმა სანაკრებო თემაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით საქართველოსა და ბელარუსის ნახევარფინალური დაპირისპირება 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ამ თემაზე კობიაშვილი ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა.
''სხვა ქვეყნებთან შედარებით გერმანიაში უკეთესი ვითარებაა. თუ ბუნდესლიგა განახლდება, ეს ძალიან დიდი პოზიტივი იქნება. თუ გერმანიის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება, გამოჩნდება რამდენად შესაძლებელია ზოგადად ფეხბურთის დაბრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საფეხბურთო მატჩების გამართვას ეწინააღმდეგებიან, ბუნდესლიგის ყველა გუნდი ვარჯიშობს, რაც უკვე პოზიტივია.
რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს, 11 მაისს ჩანიშნულია ასოციაციების კომიტეტის შეხვედრა, სადაც ერთა ლიგასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. 27 მაისს უეფას მორიგი აღმასკომის შეხვედრა გაიმართება, სადაც საბოლოოდ ცნობილი გახდება როდის გაიმართება ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები.
შემიძლია გითხრათ ის მოსაზრება, რასაც უეფა განიხილავს. სექტემბრიდან დაგეგმილია ახალი ერთა ლიგის გათამაშება, სექტემბერში 2 თამაში, ოქტომბერში 2 თამაში და ნოემბერში 2 თამაში. მიდის მსჯელობა, რომ აღნიშნულ ექვს თამაშს ფლეი-ოფის 2 თამაში დაემატოს. ასეთ შემთხვევაში შემოდგომაზე 6 სათამაშო დღის ნაცვლად 8 სათამაშო დღეს მივიღებთ, თუმცა იქამდე დიდი დროა და ეს მხოლოდ ვარაუდებია.
ერთა ლიგაზე საქართველოსა და ბელარუსის ნახევარფინალური შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება შემოდგომის რომელიმე თვეს.''
შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა დაპირისპირება 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.