''კიკი ძუნძულით შემოვიდა და ჩანთა ჩაალაგა'' - არველაძემ სახალისო ისტორია გაიხსენა
ფრანგულმა გამოცემამ leerosportnews-მა შოთა არველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარ მწვრთნელს კითხვა ბევრ მნიშვნელოვან თემაზე დაუსვეს. მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ალან ჟირესის შესახებ ჰკითხეს, ინტერვიუს ყველაზე სახალისო მონაკვეთი კიკი მუსამპას ეხება, რომელიც ამსტერდამის ''აიაქსში'' არველაძის თანაგუნდელი იყო და 1997 წელს კარიერა ფრანგულ ''ბორდოში'' გააგრძელა.
''მახსოვს სახალისო ამბავი კიკის შესახებ. ''აიაქსში'' ვვარჯიშობდით, მე და კიკი ერთ ოთახში ვიყავით. ოთახში ძუნძულით შემოვიდა, სპორტულ ჩანთაში ნივთები ჩაალაგა და მითხრა: ''მე მივდივარ.'' ვკითხე: სად მიდიხარ? ფიზიოთერაპევტთან?'' მან მიპასუხა: ''არა, ''ბორდოში'' მივდივარ.''
ეს იყო კიკი, ნამდვილი არტისტი. მოედანზე დიდებული იყო, ძალიან მიყვარს კიკი. ანალოგიურად ვფიქრობ რიჩარდ ვიჩგესა და მისი ძმის, რობის შესახებ. მოედანზე ძალიან ელეგანტურები იყვნენ. ჩვენ გვსიამოვნებს ერთად პოკერის თამაში.''
არველაძემ ''ბორდოს'' ლეგენდარულ ფეხბურთელზე ალან ჟირესზეც ისაუბრა, რომელიც მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა: ''ალანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის შესანიშნავი პიროვნება და დიდი ფეხბურთელია. მასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ჩემთვის მის მიერ მოცემული რჩევები ძვირფასი იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ადვილი არაა, ჟირესის მწვრთნელად ყოფნა კი ჩვენთვის დიდი პლუსი იყო.''
შეგახსენებთ, 2004-05 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ალან ჟირესი ხელმძღვანელობდა. მისი მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რამდენიმე ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის სტუმრად თურქეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრა და დანიასთან ''მიხეილ მესხზე'' გამართული დაპირისპირება. 2005 წელს ჟირესი გაიოზ დარსაძემ შეცვალა, რომლის მწვრთნელობისას ნაკრებმა კატასტროფული შედეგები აჩვენა.