პოლიციის განყოფილება, ფემინისტები და სპონსორის ჭკვიანური გათვლა - ტაისონი VS ფრანცისი
Aa
Aa

პოლიციის განყოფილება, ფემინისტები და სპონსორის ჭკვიანური გათვლა - ტაისონი VS ფრანცისი

მაიკ ტაისონის კარიერა დახუნძლული იყო საოცარი ნოკაუტებითა და ისტორიული მიღწევებით. „რკინის მაიკი“ როგორც რინგზე, ისე მის მიღმა განვითარებული მოვლენების გამო, გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა და გამონაკლისი არც ჯულიუს ფრანცისის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა აღმოჩნდა.

ტაისონი ბრიტანელ მოკრივეს 2000 წლის 29 იანვარს დაუპირისპირდა. მაშინ თვლიდნენ, რომ ამერიკელი კარიერის პიკისგან ძალიან შორს იყო, თუმცა ვარსკვლავებს ვერც ფრანცისი წყვეტდა. მაიკთან შერკინებამდე მას 28 ბრძოლიდან 7 ჰქონდა წაგებული და ყოფილი ჩემპიონი უდავო ფავორიტად მოიაზრებოდა.

კრივის ქომაგები ტაისონის ჩხუბის ხილვას მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა ბრძოლა კინაღამ ჩაიშალა. „რკინის მაიკის" წარსულმა და ციხეში გატარებულმა პერიოდმა, ბრიტანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მოსახლეობაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მისთვის ქვეყანაში შესვლის უფლება არ უნდა მიეცათ. ყველაფერი ბრძოლის გაუქმებისკენ მიდიოდა, მაგრამ საქმეში ბრიტანელი პოლიტიკოსი, ჯეკ სთროუ ჩაერია და განაცხადა, რომ ტაისონისთვის უარის თქმა ადგილობრივ ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედებდა.

საბოლოოდ „რკინის მაიკს“ ბრიტანეთში ჩასვლისა და ბრძოლის გამართვის უფლება მისცეს. ჰითროუს აეროპორტში დაშვებისთანავე, იგი საყიდლებზე წავიდა და შემდეგ, ბრიქსტონს მიაშურა, სადაც უამრავი გულშემატკივარი შეეგება. მდგომარეობა ისე გართულდა, რომ პოლიციელებს ფანებისგან ტაისონის დაცვა მოუწიათ და ის პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს. მაიკს 2000-მდე გულშემატკივარი ელოდებოდა, ის კი პოლიციის განყოფილებაში იყო გამოკეტილი. სწორედ ამ დროს ერთ-ერთი ფანჯარა გაიღო და ტაისონი გამოჩნდა, რომელმაც ქომაგებს რუპორით მიმართა: „ვარჯიში უნდა განვაახლო და დამავალებთ თუ შენობის დატოვების საშუალებას მომცემთ. დიდი მადლობა! უღრმესი მადლობა! მიყვარხარ ბრიქსტონ“!

როგორც უკვე აღვნიშნეთ ტაისონის ქვეყანაში შეშვებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა და მათ შორის იყო ფემინისტური ორგანიზაცია - „სამართლიანობა ქალებისთვის“. ისინი აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ და სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს, რათა მაიკს ბრიტანეთში შესვლის უფლება არ მიეღო, რასაც ამერიკელმა მოკრივემ ასე უპასუხა: „ისინი იმედგაცრუებული ქალბატონები არიან, რომლებსაც სურთ, რომ კაცები იყვნენ“.

სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრძოლა დათქმულ დროს გაიმართა. ტაისონისა და ფრანცისის დაპირისპირებას ერთი უცნაური ფაქტი ახლდა თან. ჯულიუსის ერთ-ერთი სპონსორი Daily Mirror იყო, რომლის ლოგოც მოკრივის შორტზე და სპორტული ფეხსაცმლის ძირზე იყო გამოსახული. ბრიტანულ გამოცემას მარტივი გათვლა ჰქონდა - ძირებზე გამოსახული ლოგო მაშინ გამოჩნდებოდა, როცა ტაისონი მეტოქეს ნოკდაუნში ან ნოკდაუნში ჩააგდებდა და მაყურებელთა ყურადღებას მიიპყრობდა.

ეს ფაქტი მშვენივრად ასახავს იმას, რომ ფრანცისის გამარჯვების არავის სჯეროდა. არც მის სპონსორებს, არც გულშემატკივრებს, არც ბუკმეიკერებს და არც მის პრომოუტერს! ფრენკ უორენმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მის კლიენტს ტაისონის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა: „ვერ დავიჯერე, როცა ჯულიუსი ტაისონთან მივიდა და ასეთი რამ უთხრა: „უკაცრავად მაიკ, შენი ავტოგრაფი შეიძლება?“ იცით ეს როდის მოხდა? პრესკონფერენციის მიმდინარეობისას! მაშინ არაფერი მითქვამს, რადგან ჯულიუსისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ის მაიკ ტაისონით აღფრთოვანებული იყო და იმ მომენტში დავრწმუნდი, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა. მანამდეც ვიცოდი, რომ ვერ მოიგებდა, უბრალოდ მაშინ ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტაისონმა ფრანცისი მიწასთან გაასწორა. „რკინის მაიკმა“ ჩვეულ სტილში იჩხუბა, გამარჯვების მოსაპოვებლად სულ რაღაც 4 წუთი დასჭირდა და ამ დროში მეტოქე რინგზე 5-ჯერ დააგდო. ბრძოლის სანაცვლოდ, ყოფილმა ჩემპიონმა 7 მილიონი ფუნტი მიიღო, ფრანცისმა კი 350 000. მიუხედავად ამისა, იგი „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ რინგზე გასვლას არ ნანობს: „ვიღაცები ამბობენ, რომ ტაისონთან არასდროს იჩხუბებენ, მაგრამ მე ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მისთვის ერთი ძლიერი დარტყმა რომ მიმეყენებინა და დამემარცხებინა, კრივის ისტორიაში შევიდოდი“.

ფრანცისი ისტორიაში ვერ შევიდა, ტაისონი კი, რამდენიმე თვის შემდეგ, ბრიტანეთს კიდევ ერთხელ ესტუმრა და ლუ სავარეზე გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები