გადადებული ტურნირები და ახალი თარიღები - ევროპის ძიუდოს კავშირმა ვიდეოკონფერენცია გამართა
Aa
Aa

გადადებული ტურნირები და ახალი თარიღები - ევროპის ძიუდოს კავშირმა ვიდეოკონფერენცია გამართა

ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) აღმასულებელმა კომიტეტმა COVID-19 კრიზისთან დაკავშირებით ჩაატარა ვიდეოკონფერენცია, რათა განეხილა შემდგომი მოქმედების სტრატეგია.

EJU-მ წინასწარ მიიღო ინფორმაცია წევრ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესახებ და კონსულტაცია გაიარა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან (IJF), რის შემდეგაც გადაწყვიტა:

• ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო და ახალ თარიღად შემოთავაზებულია 2020 წლის 8-10 ნოემბერი (კვირა-სამშაბათი), თარიღი დაზუსტდება პრაღის „02 Arena“-სთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
• გაუქმებულია EJU-ს ყველა ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი იყო ივლისის ბოლომდე (ტურნირები, სასწავლო შეკრებები, სემინარები, ფესტივალი). აგვისტოში ჩასატარებელი ღინისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აპრილის ბოლოს.
• გადადებულია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კადეტთა შორის (რიგა, ლატვია). მისი ჩატარების ახალი თარიღია 29 ნოემბერი-1 დეკემბერი (შაბათი-სამშაბათი).
• ახალგაზრდების და 23 წლამდელთა ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატების ჩატარება იგეგმება კომბინირებულად 11-15 ნოემბერს პორეცში (ხორვატია). ლუქსემბურგი, სადაც 2020 წელს ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, იტოვებს ჩემპიონატის ჩატარების უფლებას 2021 წელს.
• შერეული გუნდური ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება 28 ნოემბერს ბუქარესტში (რუმინეთი).
• ევროპის 2020 წლის საკლუბო ჩემპიონატები (ოქროს ლიგა და ჩემპიონთა ლიგა) გაუქმდება.
• კატა და ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატები გადაიდო. მათი ჩატარების ახალი თარიღი IJF- თან კოორდინაციით იქნება განსაზღვრული, მას შემდეგ რაც გაირკვევა კატას და ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების პირობები.
• მოვლენების შემდგომი განვითარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით EJU შეეცდება გამონახოს კადეტებს, ახალგაზრდებს და უფროსებს შორის ევროპის თასების, აგრეთვე ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების საშუალებები სექტემბერ-ოქტომბერში.

ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ამ რთულ პერიოდში უკეთეს დაგეგმვას და ემყარება იმედს, რომ სიტუაცია ზაფხულამდე ნორმალური გახდება, რათა ფედერაციებმა შეძლონ ფუნქციონირება და ძიუდოისტემა ვარჯიშის დაწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები