ლონდონის მერმა ლონდონურ კლუბებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა
Aa
Aa

ლონდონის მერმა ლონდონურ კლუბებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა

ლონდონის მერმა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიპში მოასპარეზე ყველა ლონდონურ კლუბს წერილი მისწერა და მათ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, სადიქ ხანს სურს კლუბების ექიმები, ფიზიოთერაპევტები და სამედიცინო კვალიფიკაციის მქონე სხვა თანამშრომლები ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს ლონდონში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის შეჩერებაში დაეხმარონ.

ლონდონის მერს ასევე იმედი აქვს, რომ კლუბები თავიანთ ბაზებზე არსებულ ტექნიკას დროებით ქალაქის მერიას დაუთმობენ. საუბარი მაცივრებსა და კვების პროდუქტების დანადგარებს ეხება, რომლებსაც ლონდონში განთავსებულ საველე ჰოსპიტალებში გამოიყენებენ.

წერილის ბოლოს, ხანმა ლონდონურ კლუბებს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფაც სთხოვა.

Daily Mail-ის ცნობით, პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიპში მოასპარეზე კლუბებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი წვლილის შეტანა სურთ და მზად არიან ურთულეს პერიოდში ლონდონს დაეხმარონ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ტოტენჰემი" ერთადერთი გუნდი, რომელსაც სადიქ ხანისგან წერილი არ მიუღია. „დეზები“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულნი და Daily Mail-ის ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში მადლობის წერილს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები