''ფეხბურთელები ბევრს ვშოულობთ და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ'' - დორტმუნდმა ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

''ფეხბურთელები ბევრს ვშოულობთ და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ'' - დორტმუნდმა ვარჯიში განაახლა

საფეხბურთო კლუბმა ''დორტმუნდმა'' სავარჯიშო პროცესი განაახლა. პანდემიის გამო გერმანული კლუბი არ ვარჯიშობდა, თუმცა მიმდინარე კვირიდან ერლინგ ჰალანდმა და მისმა თანაგუნდელებმა მზადება დაიწყეს.

ლუსიენ ფავრის ფეხბურთელებმა პანდემიის გამო რამდენიმე კვირა თვითიზოლაციაში გაატარეს. დადასტურებული ინფორმაციით ბუნდესლიგის გათამაშება 31 აპრილამდე არ განახლდება.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ დიდ საშიშროებას წარმოადგენს, გერმანული კლუბის ფეხბურთელი ემრე ჯანი ვარჯიშის განახლებით გახარებულია. 26 წლის ნახევარმცველი გერმანულ Sport1-ს ესაუბრა.

''მნიშვნელოვანია, რომ მინდორს დავუბრუნდით, ახლა აღარ მოვიწყენთ.''

''დორტმუნდი'' წარმატებულ სეზონს ატარებდა ვიდრე პანდემიის გამო გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდებოდა. 25 ტურის შემდეგ ''დორტმუნდი'' მეორე ადგილზეა და ლიდერ ''ბაიერნს'' 4 ქულით ჩამორჩება. ჯანი აღიარებს, რომ ამ მოცემულობის მიუხედავად ჩემპიონობა ძალიან რთული იქნება.

''ჩემპიონობის მოპოვება ძალიან, ძალიან რთული იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ დაგვრჩა მატჩები მიუნხენის ''ბაიერნთან'' და ''ლაიფციგთან.''

''დორტმუნდი'' გერმანულ კლუბებს შორის ერთ-ერთია, რომელმაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დიდი თანხა გაიღო.

ჯანი ფიქრობს, რომ საზოგადოების მიმართ ფეხბურთელთა პასუხისმგებლობა დიდია. მოთამაშეები დიდ თანხებს გამოიმუშავებენ და მათ მიერ გადარიცხულ თანხებს, პანდემიასთან ბრძოლაში დიდი დახმარების მოტანა შეუძლია.

''მოთამაშეები ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ფეხბურთელები ჩვენი პროფესიით დიდ თანხებს ვშოულობთ და გვინდოდა რაღაც საზოგადოებისთვის გაგვეკეთებინა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები