Aa
Aa

"სერია A-ს ეს სეზონი ვერ დასრულდება" - ორი პრეზიდენტის პესიმისტური პროგნოზი

ფლორენციის „ფიორენტინასა“ და ტურინული „ტორინოს“ პრეზიდენტები სხვადასხვა ინტერვიუებში აცხადებენ, რომ მათი აზრით, სერია A-ს ეს სეზონი ვერ დასრულდება.

„მოდით, პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ვიფიქროთ, ფეხბურთი მეორე პლანზეა. ვნახოთ, გუნდები ვარჯიშებს როდის განაახლებენ, თუმცა სერიოზული ალბათობაა, რომ სერია A-ს ეს სეზონი ვერ დასრულდეს“, - განუცხადა RAI-ს ფლორენციელთა მფლობელმა, როკო კომისომ.

რაც შეეხება ტურინელთა პირველ პირ ურბანო კაიროს, ისიც RAI-ს ესაუბრა და განაცხადა: „ყველაზე კარგ შემთხვევაში, ვარჯიშები მაისის დასაწყისში უნდა განახლდეს, თამაშები ივნისის ბოლოს დაიწყოს და ივლისსა და აგვისტოში გაგრძელდეს. შემდეგ გუნდებს 1-თვიანი პაუზა უნდა მისცენ, რასაც ასევე ერთთვიანი მოსამზადებელი პროცესი და ახალი ჩემპიონატის ნოემბერში დაწყება უნდა მოჰყვეს. ამის ასე გაკეთება არ შეიძლება“.

ჯერჯერობით, იტალიაში ფეხბურთისთვის არ სცალით, ქვეყანაში კორონავირუსით მიყენებული ზარალის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. აპენინებზე Covid-19-ით 101 739 ადამიანი დაინფიცირდა და 11 591 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები