ვაკო გვილია :
Aa
Aa

ვაკო გვილია : "ჩემს ფასს მინდორი განსაზღვრავს და არა ტრანსფერების ვებგვერდი"

მსოფლიოში მიმიდნარე ეპიდემიის გამო პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატიც შეჩერებულია. პოლონური მედია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავას "ლეგიას" ქართველ ფეხბურთელს, ვაკო გვილიას გაესაუბრა.

"ყოველდღე დაუღალავად ვშრომობ. თებერვალსა და მარტში მოედანზე ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში. ერთ-ერთ მატჩში გარემარბიც კი ვიყავი. სულერთია, თუ მწვრთნელი იტყვის, კარშიც ჩავდგები, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს მოედნის ცენტრში, 8 ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ.

თუ სეზონის დასრულება მოხერხდება, რა თქმა უნდა, "ლეგიასთან" ერთად თასისა და ჩემპიონატის მოგება მსურს. თუ ტიტულები ვერ მოვიგეთ, თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობ, მიუხედავად იმისა, რამდენ გოლს გავიტან ან შედეგიან გადაცემას გავაკეთებ.

"ტრანსფერმარკტზე" 2 მილიონი ევრო ვღირვარ? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე ის მინდა, რომ დღეს გუშინდელზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყო. ჩემს ფასს მინდორი განსაზღვრავს და არა სატრანსფერო ვებგვერდი.

ცოტა ხნის წინ, ჩემი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევრო იყო, ახლა ორჯერ მეტია. არ მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში ორჯერ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი." - განაცხადა გვილიამ.

ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, "ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს 51 ქულით ლიდერობს. როდის განახლდება "ექსტაკლასა" ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავისრუსით 957 ადამიანი დაინფიცირდა, 13 მათგანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები