რეალის ყოფილი პრეზიდენტი COVID-19-ით გარდაიცვალა
საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ესპანური ავტორიტეტული გამოცემები ავრცელებენ.
სანსის კორონავირუსი 17 მარტს დაუდგინეს, თუმცა კლინიკაში მკურნალობა არ სურდა. საბოლოოდ, კლინიკაში მისი შვილის მოთხოვნით გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სანსი ''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტის როლს 1995-2000 წლებში ასრულებდა. მისი მმართველობის პერიოდში ესპანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. 1997-98 წლების სეზონი მადრიდელთა ტრიუმფით დასრულდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ''რეალმა'' მიატოვიჩის გოლით ''იუვენტუსი'' დაამარცხა, ხოლო 2000 წელს ''რეალმა'' პარიზში ''ვალენსია'' 3:0 გაანადგურა.
შეგახსენებთ, კორონავირუსს ''ვალენსიას'' რამდენიმე ფეხბურთელი, ლეგენდარული პაოლო მალდინი, ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა და ''იუვენტუსის'' შემტევი პაულო დიბალა ებრძვიან. მათ გარდა COVID-19 ფეხბურთში ჩართულ რამდენიმე პირს დაუდგინდა.
ამ ეტაპზე ბელარუსის ჩემპიონატის გარდა ყველა ევროპული ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერებულია.