2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო აღარ ჩატარდება
Aa
Aa

2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო აღარ ჩატარდება

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) გლობალური პანდემიის გამო, 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები იტალიის რაგბის კავშირთან და საორგანიზაციო კომიტეტთან.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალიას უნდა ემასპინძლა. თამაშები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო დაგეგმილი, სადაც ვირუსი განსაკუთრებულად მძლავრობს და სამწუხაროდ, მისი დასრულების ვადებზე დამაიმედებელი პროგნოზები ვერ კეთდება.

განიხილებოდა ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობაც, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული ფრენების ფონზე, ორგანიზაციული საკითხების დროულად მოგვარება ვერ ხერხდება.

უმცროს ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეხუთე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. 12-გუნდა ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ: „ა“ ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია; „გ“ ჯგუფში – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ფიჯი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული კიდევ რამდენიმე ტურნირი: 7-კაცა მსოფლიო სერიის ლონდონისა და პარიზის ეტაპები; 7-ქალას ლანგფორდის ეტაპი; 7-კაცას მსოფლიო რაგბის ჩელენჯის სერიის ფინალური ეტაპი; 2023 წლის კაცთა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რამდენიმე ტურნირი; მსოფლიოს ოლიმპიურ კომიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება 7-კაცა რაგბში გასამართი რეპეშაჟის ტურნირის გაუქმებასთან დაკავშირებით, სადაც კაცთა ტურნირის ერთი და ქალთა ტურნირის ორი მონაწილეა გასარკვევი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები