Aa Aa
20 მარტი 2020  |  16:56

ჰარი რედნაპი: "ტუალეტის ქაღალდი რისთვის ვიყიდო?!.. სახლში უამრავი გაზეთი მაქვს"

73 წლის ინგლისელი სპეციალისტი ჰარი რედნაპი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია. „ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.

მან ტუალეტის ქაღალდების დეფიციტის პრობლემა თავისებურად გადაჭრა და საამისო ალტერნატივად ძველი გაზეთები დაასახელა.

"სახლიდან განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში არ გავდივარ. ყველა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეხედეთ იტალიას, ესპანეთს - იქ ყველაფერი დაკეტილია, არც საფრანგეთშია სიმშვიდე. ძალიან ცუდი დროა. ლონდონის ქუჩებში არავინაა. რესტორნები, თეატრები, კინოთეატრები ყველაფერი იკეტება, სუპერმარკეტები ცარიელია.

მე თვითონ დიდად არაფრის ყიდვა არ მჭირდება. საინტერესოა, ხალხი ტუალეტის ქაღალდს მიაწყდა და რატომ, ვერ ვხვდები. ალბათ, შიშის გამო. მე კი ის დიდად არ მჭირდება, რადგან ღარიბ ოჯახში გავიზარდე, არანაირი ტუალეტის ქაღალდი არ გვქონია, თუმცა გაზეთები გვქონდა. ამჟამად კი, სახლში გაზეთების მთელი კარადა მაქვს.

სამწუხაროა, რომ  გოლფის მოედნებიც დახურეს. ამიტომ მომიწევს სახლში ჯდომა და ტელევიზორის ყურება. ასეთი რამ აქამდე არ მახსოვს. ძალიან საშიში ვითარებაა. ლონდონი ქალაქ-მოჩვენებას ჰგავს, თითქოს საშინელებათა ფილმში ვიყოთ. ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინია. კიდევ ერთი კვირა და ყველაფერი დაიკეტება. საქმეები ფუჭდება, ბევრი ადამიანი კარგავს ფულს. ვერ ვხვდები, რა უფრო ცუდია, ეს თუ კორონავირუსი.

ევროპის ჩემპიონატის გადადება - ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ ბოლო დროს მოხდა. ვირუსის დროს ამ დონის მატჩებს ჩვენ ნამდვილად ვერ ვუმასპინძლებდით.

თვითონ ფაქტი რომ ჩემპიონატი გადაიდო, რა თქმა უნდა, ცუდია. მაგრამ არის დადებითი ის რომ ჩვენი ნაკრები უფრო გაზრდილი და ძლიერი შეხვდება კონტინეტის პირველობას. კეინიც ტრავმას მოიშუშებს და ფორმაში ჩადგება." - ამბობს 73 წლის სპეციალისტი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები