Aa
Aa

"რამდენი საოცარი მოგონება მაკავშირებს შენთან" - კარდიფის ლეგენდა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

უელსური კლუბის, "კარდიფის" ლეგენდარული ფეხბურთელი, პეტერ უიტინგემი  35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უიტინგემმა 7 მარტს ერთ-ერთ პაბში მეგობრებთან ერთად, ექვსი ერის შეხვედრას უყურა, რომელიც ინგლისსა და უელსს შორის გაიმართა. მატჩის შემდეგ, იგი კიბეებზე დაგორდა (პოლიციის თქმით, ინციდენტი შემთხვევითობა იყო) და თავის მძიმე დაზიანება მიიღო. მოგვიანებით პეტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბოლო 12 დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, "კარდიფმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს უდიდესი მწუხარებით ვაუწყოთ, რომ პეტერ უიტინგემი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულგატეხილები ვართ. უიტინგემის უეცარმა და მოულოდნელმა გარდაცვალებამ შეგვძრა. ჩვენ მის მეუღლესა და ოჯახს თანავუგრძნობთ და მათთვის ვლოცულობთ“.

ყოფილი თანაგუნდელის გარდაცვალების შესახებ კარდიფელთა კიდევ ერთი ექს-ფეხბურთელი, მაიკლ ჩოპრა სოციალურ ქსელში წერს: 

"აბსოლუტურად განადგურებული ვარ ჩემს ყოფილ თანაგუნდელზე ამ ამბის გაგებით. ლეგენდა ხარ და რამდენი განსაკუთრებული მოგონება მაკავშირებს შენთან, სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ მადლიერებას, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ იმის გამო, რაც ჩემთვის მოედანზე და მის გარეთ გაგიკეთებია. რა სამწუხაროა ასეთ ახალგაზრდულ ასაკში შენი დაკარგვა. ჩემი სამძიმარი ოჯახს. მშვიდად განისვენე."

უიტინგემი, რომელიც 2004-07 წლებში ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების სტაბილური წევრი იყო, ამპლუით ნახევარმცველი გახლდათ. იგი კარიერის განმავლობაში "ასტონ ვილას", "ბარნლის", "დერბისა" და "კარდიფის" მაისურით თამაშობდა, აქტიური სპორტიდან კი 2018 წელს, "ბლექბერნის" ფეხბურთელის რანგში წავიდა.

საფეხბურთო კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ "კარდიფში" გაატარა, რომლის ფორმაც 2007-17 წლებში 457-ჯერ მოირგო - გუნდის მაისურით მასზე მეტი მატჩი მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს ნათამაშები. მის ანგარიშზე კარდიფელთა სასარგებლოდ გატანილი 96 გოლია, რაც კლუბის ისტორიაში მე-9 მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები