Aa
Aa

"ევრო 2020"-ის გადადება - იტალიელები ლა ლიგის ინიციატივას უერთდებიან

ევროპის ჩემპიონატის გადადებაზე კულუარული საუბარი რამდენიმე დღეა აქტიურად მიდის, ხვალ გასამართ უეფა-ს სპეციალურ შეხვედრაზე კი ეს საკითხი უკვე ოფიციალურად დადგება.

თემის წამოწევის ინიციატორი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაა, რომელიც გეგმავს, რომ შეხვედრის მსვლელობისას „ევრო 2020“-ის გადადების მოთხოვნა გააჟღეროს. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა.

„ჩვენ უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის გადადების წინადადებით მივმართავთ. უნდა ვცადოთ, რომ ქვეყნის ჩემპიონატი დავასრულოთ, რაც ყველაზე სწორი და სამართლიანი იქნება იმ კლუბების მიმართ, რომელთაც უკვე დიდი ხარჯისა და მსხვერპლის გაღება მოუწიათ.“.

„ევრო 2020“-ის ერთ-ერთი მასპინძლის, იტალიის, ფეხბურთის ფედერაცია ლა ლიგის პოზიციას იზიარებს. მხარეები ტურნირის გადადების პირდაპირი ინიციატივით გამოდიან, რათა შიდა ჩემპიონატების ჩამთავრება შეძლონ. მაგალითად, აპენინებზე სერია A-ს სეზონის ფორმატის შეცვლას განიხილავდნენ, თუმცა გრავინას გუშინდელი კომენტარის მიხედვით, იმედოვნებენ, რომ ჩემპიონატი მაისის დასაწყისში გაგრძელდება და 30 ივნისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფა-ს სპეციალური ვიდეო კონფერენციაა ჩანიშნული, რომელშიც ორგანიზაციის წევრი 55-ვე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტები ქვეყნების ჩემპიონატების, „ევრო 2020“-ისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

ბოლოდროინდელი ცნობებით, უეფა ტურნირის დეკემბერში ჩატარების იდეას განიხილავს და ამასთან დაკავშირებით ფიფა-სთან აქტიურ კომუნიკაციაშია. საბოლოო ნებართვა სწორედ ფიფა-მ უნდა გასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები