1 მატჩი ორის ნაცვლად - კორონავირუსის გამო უეფა საპლეიოფო სისტემას აუქმებს?
Aa
Aa

1 მატჩი ორის ნაცვლად - კორონავირუსის გამო უეფა საპლეიოფო სისტემას აუქმებს?

კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები მასობრივად შეწყდა. ზოგი მათგანი გადაიდო, ზოგიც კი საერთოდ გაუქმდა. გამონაკლისი არც ფეხბურთია. UEFA-მ პარასკევს მისი ეგიდით გამართული ყველა საერთაშორისო ტურნირი შეაჩერა.

არსებობს მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით ევრო 2020 ამ ზაფხულის ნაცვლად 2021 წლის ინვისში ჩატარდება, თუმცა რა ელით საკლუბო ტურნირებს?

ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი აქვს გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Mirror-ს. წყარო ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების გამართვა კვლავინდებურად დათქმულ დროს 27 და 30 მაისს სურს.

როგორც მოგეხსენებათ, 1/8-ფინალური მატჩების ნაწილის ჩატარება ვერ მოესწრო. ამ შეხვედრების გამართვას UEFA აპრილის დასაწყისში გეგმავს. მთავარი კი ამის შემდეგ გველის. დროში შეზღუდვის გამო და გრაფიკში ჩასატევად 1/4-ფინალური შეხვედრები შინ და სტუმრად აღარ ჩატარდება და 1-მატჩიან დაპირისპირებებს ვიხილავთ. რა თქმა უნდა, საუბარია ერთჯერად, გამონაკლის შემთხვევაზე.

17 მარტს, UEFA თავისი 55 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციას გამართავს, სადაც 2019-2020 წლების სეზონთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ბედიც გადაწყდება.

P.S. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს UEFA-მ, მიუხედავად ამისა ყველაფერი კორონავირუსზე იქნება დამოკიდებული. თუ უახლოეს 1 თვეში ევროპის მასშტაბით სიტუაცია არ დასტაბილურდა, 55 წევრს ვიდეოკონფერენციის გამართვა კიდევ ერთხელ მოუწევს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები