Aa
Aa

ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე - რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო მუნდიალზე?

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაზე, C2 ჯგუფში სომხეთის, ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ამ ახალი ტურნირის ფორმატის შესახებ გარკვეული კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. ამჯერად, ჩვენთვის მთავარი საკითხი შემდეგია: აქვს თუ არა ჩვენს ნაკრებს, უშუალოდ ერთა ლიგიდან, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი? მოდით, ყველაფერს დეტალურად მივყვეთ:

კენჭისყრის შემდეგ - შეფასებები და კალენდარი

ამსტერდამში გამართულ კენჭისყრას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. ცერემონიის შემდეგ კომენტარები სფფ-ის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა - ალექსანდრე იაშვილმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვლადიმირ ვაისმა გააკეთეს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში გამოსვლას 5 სექტემბერს დაიწყებს და პირველ ტურში სტუმრად ესტონეთს დაუპირისპირდება. ესტონელებთან აქამდე 6-ჯერ ვითამაშეთ - 3 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. ბოლოს 2018 წელს სწორედ ვაისის ხელმძღვანელობით ვეთამაშეთ და ამხანაგურ მატჩში, ტაბიძისა და ყაზაიშვილის გოლებით, 2:0 მოვუგეთ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან არასდროს გვითამაშია, ჩვენს მეზობელ სომხეთს კი 5-ჯერ დავუპირისპირდით - 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. 1997 წელს 7:0 მოვიგეთ, ხოლო ბოლო ურთიერთშეხვედრა 2011 წელს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას იყო - კვიპროსში გამართული თამაში, იაშვილისა და სირაძის გოლები და - 2:1 . 

მომავალი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სრული კალენდარი ასეთია:

ლიგიდან ლიგაში დაწინაურება და დაქვეითება

მაგალითისთვის ჩვენივე C ლიგა განვიხილოთ და საერთო პრინციპიც ცხადი გახდება. C ლიგის თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები B ლიგაში ავტომატურად დაწინაურდება, B ლიგიდან A-შიც მსგავსად აღზევდებიან. A ლიგის გამარჯვებულები კი ვიცით, რომ ფინალურ ეტაპზე გადიან და ტურნირის ჩემპიონობისთვის ბრძოლას იქ აგრძელებენ.

რაც შეეხება ლიგიდან გავარდნას, უშუალოდ C ლიგის ჯგუფების ბოლოადგილოსანი ნაკრებები ლიგაში დასარჩენ ფლეი-ოფში ითამაშებენ, რის შედეგადაც ქვედა ლიგაში დასაქვეითებელი ორი ნაკრები გამოირკვევა. სხვა ლიგების შემთხვევაში, ბოლოადგილოსანი ავტომატურად ქვეითდება, C-ში საქმე ასე იმიტომაა, რომ D ლიგაში მხოლოდ ორი ჯგუფია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი დასარჩენ ფლეი-ოფში მონაწილე რომელიმე გუნდი, ამავდროულად, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის მონაწილეც იქნება, მაშინ D ლიგაში გუნდები ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით დაქვეითდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა - რა? როგორ? რა შემთხვევაში?

გარკვეული კითხვები გამოიწვია საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებმაც, რის შესახებაც დაწვრილებით ანალიზს სტატიაზე აბმული გახმოვანებული ვიდეოს სახით გთავაზობთ, ხოლო ვისაც მოსმენას წაკითხვა ურჩევნია, ტექსტიც აქვეა.

ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპთანაა მიბმული. მუნდიალზე 10 ნაკრები კლასიკური შესარჩევი ეტაპიდან (და არა - ერთა ლიგიდან) პირდაპირ მოხვდება, ამავე შესარჩევში ათივე ჯგუფის თითოეული მეორეადგილოსანი, ერთა ლიგაზე ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე ორ ნაკრებთან ერთად, 12-გუნდიან ფლეი-ოფში ჩაერთვება, რომელიც ევროპიდან მუნდიალზე გამსვლელ კიდევ 3 ნაკრებს გამოავლენს.

როგორ გამოვლინდება ერთა ლიგის ის 2 ნაკრები, რომელიც მუნდიალის შესარჩევ 12-გუნდიან ფლეი-ოფში ითამაშებს

მხედველობაში მიიღება ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები. უპირატესობა ნაკრებებს ლიგების იერარქიის მიხედვით მიენიჭებათ, მაგალითად: თუკი ერთა ლიგის A ლიგაში თავიანთი ჯგუფები მოიგეს იმ ნაკრებებმა, რომელთაც კლასიკური შესარჩევიდან მუნდიალის პირდაპირი საგზური ან ფლეი-ოფში თამაში გარანტირებული არ აქვთ, ფლეი-ოფში ეს ნაკრებები გავლენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება B ან C ლიგის რომელიმე ჯგუფის გამარჯვებულს ჯგუფურ ეტაპზე ნებისმიერ მათგანზე მეტი ქულა და უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ ლიგაში (მაგალითად B-ში) ჯგუფის გამარჯვებულთაგან ფლეი-ოფში გასვლაზე პრეტენზიას 2-ზე მეტი ნაკრები აცხადებს, მაშინ ამ ნაკრებთაგან 2 საუკეთესო ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით ავტომატურად გამოვლინდება. საერთო რეიტინგი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით დაითვლება.

როგორია რეალობა - რა შანსი აქვს ჩვენს ნაკრებს?

საქართველოს ნაკრების შემთხვევაში საქმე ასეა - ჩვენი ჯგუფის მოგების შემდეგ იღბალიც დაგვჭირდება. ეს რას გულისხმობს - კლასიკურ შესარჩევ ეტაპზე პირველი და მეორე ადგილები უნდა მოიპოვოს მაქსიმალურად მეტმა ისეთმა ნაკრებმა, რომელსაც ერთა ლიგის თავისი ჯგუფი მოგებული ექნება.

ვარაუდის დონეზე, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ - თუკი ერთა ლიგის A და B ლიგის 8-დან მინიმუმ 7 ჯგუფი უკვე მუნდიალზე გასულმა ან უკვე ფლეი-ოფის  მონაწილე ნაკრებმა მოიგო, მაშინ საქმეში C ლიგიდან მინიმუმ 1 ნაკრები ჩაერთვება - ის, რომელსაც ლიგაში, ჯგუფების გამარჯვებულთაგან, საუკეთესო საერთო რეიტინგი ექნება.

ასე რომ, ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი მაქსიმალურად მაღალი ქულების რაოდენობით უნდა მოვიგოთ, რის შემდეგაც უკვე მსოფლიო ჩემპიონატის კლასიკურ შესარჩევ ეტაპსა და მის შედეგებს დაველოდებით.

ბოლო ეტაპი მუნდიალამდე - თუ ფლეი-ოფში გავედით...

ფლეი-ოფში გასული 12 გუნდი, პირობითად ასე დავარქვათ, სამ მხარეს გადანაწილდება. თითოეულ მხარეს 4 გუნდი იქნება და ისინი ერთმატჩიან ნახევარფინალსა და ფინალს გამართავენ, რითაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი 1 ნაკრები გაირკვევა. ბუნებრივია, ამავე პრინციპით ითამაშებენ დანარჩენ ორ მხარესაც და სამივე ფინალში გამარჯვებული ნაკრები ყატარის მუნდიალის საგზურს მიიღებს.

კადრები: საქართველოს "პირველი არხი"; UEFA.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები