ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა: ტორუპი ფეხბურთელებს დაელაპარაკება
Aa
Aa

ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა: ტორუპი ფეხბურთელებს დაელაპარაკება

უეფას ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე იტალიურმა ''რომამ'' ორი მატჩის ჯამში ''გენტი'' 2:1 დაამარცხა. რომში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში ''გენტი'' ჯონათან დევიდის გოლით დაწინაურდა, თუმცა რამდენიმე წუთში ჯასტინ კლუივერტმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე ნახევარში იეს ტორუპმა ორივე ქართველი ფეხბურთელი ჩართო თამაშში, 66-ე წუთზე ქვილითაიამ დეპუატრი შეცვალა, ხოლო ჩაკვეტაძემ - ბეზუსი.

ქართველ ფეხბურთელებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ჩაკვეტაძე შეტევების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა, ერთ-ერთ ეპიზოდში გუნდის კაპიტან ვადის ოჯიჯა-ოფოესთან კარგი კომბინაცია გაითამაშა, თუმცა ოფოეს დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ბელგიური მედიის ცნობით მატჩის შემდეგ გიორგი ქვილითაია და ''გენტის'' სათადარიგო მეკარე კოლინ კოსემანსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა მედიასთან განაცხადა:''ეს მომენტი არ მინახავს, თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ფეხბურთელს დაველაპარაკები.''

ინცინდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ კოსემანსმა Instagram-ის Story-ზე ფოტო ატვირთა, საიდანაც ვიგებთ, რომ ფეხბურთელები შერიგდნენ და მცირე კონფლიქტი დასრულებულია.

ბოლო მატჩებიდან გამომდინარე ''გენტში'' ქართველ ფეხბურთელებს სათამაშო დრო გაეზარდათ. ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში ტორუპმა ქვილითაია და ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა. ''სენტ. ტრუიდენთან'' შეხვედრაში ქვილითაიამ 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგოლე პასის შესრულება გიორგი ჩაკვეტაძემაც მოახერხა და მატჩი ''გენტის'' გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ფოტო: kaagent.be, belgaimage.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები