Aa
Aa

შენგელიამ ბასკონიას ულიდერა - ბასკებმა ცრვენა ზვეზდა დაამარცხეს

თორნიკე შენგელიას „ბასკონია" ევროლიგის პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს. ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 26-ე ტურში, ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა „ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლა და მეტოქე 71-56 დაამარცხა

ბასკებმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და მოწინააღმდეგე უშანსოდ დატოვეს. ვიტორიელები უპირატესობას პირველივე მეოთხედში დაეუფლნენ და ბრწყინვალე დაცვის წყალობით, სერბულ გრანდს თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცეს.

„ბასკონიას" წარმატებაში თორნიკე შენგელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა. „თოკომოტივმა" პარკეტზე 29 წუთი და 31 წამი გაატარა და აქტივში 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. თოკომ 6-დან 4 ორიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა +21-ს უწია და ამ კატეგორიაში „თოკომოტივი" მხოლოდ თანაგუნდელ შეივონ შილდსს ჩამორჩა.

„ბასკონიას" მეორე ქართველს რაც შეეხება, მეტ ჯენინგმა 26 წუთზე მეტი ითამაშა და გუნდს 3 ქულა შესძინა.

„ცრვენა ზვეზდას" დამარცხების შემდეგ, „ბასკონიას" 10 მოგება და 16 მარცხი აქვს და მერვეადგილოსან „ხიმკის" მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერი „ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები