„ისე ჩამოინგრევა, როგორც ტყუპი კოშკები“ - ადესანიას ბოდიშის მოხდა მოუწია
Aa
Aa

„ისე ჩამოინგრევა, როგორც ტყუპი კოშკები“ - ადესანიას ბოდიშის მოხდა მოუწია

UFC-ს საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქმარის მფლობელი, ისრაელ ადესანია სკანდალში გაეხვია. ერთ-ერთი ინტერვიუსას „ლასთ სთაილბენდერმა“ მომდევნო ოპონენტის, იოელ რომეროს შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „რომეროს იმდენჯერ შევეხები რამდენჯერაც საჭირო იქნება და საბოლოოდ იგი ისე ჩამოინგრევა, როგორც ტყუპი კოშკები“.

ადესანიას სიტყვებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „ლასთ სთაილბენდერი“ იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. ისრაელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „ადამიანების გარდაცვალებასთან და 9/11-თან დაკავშირებით არასდროს მიხუმრია. მიკროფონთან საუბრისას ხანდახან შეცდომები გარდაუვალია და ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ძალიან ვწუხვარ და მომავალში სიტყვების შერჩევისას უფრო ფრთხილი ვიქნები“.

MMA-ს გულშემატკივრები ადესანიას შეცდომას უარყოფითად შეხვდნენ. UFC-ს მებრძოლმა, პაულო კოსტამ კი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ლასთ სთაილბენდერს“ გადაუარა.

„ისრაელ ადესანია, შენ ამაზრზენი პიროვნება ხარ. როგორ ბედავ გამოიყენო ხუმრობა, რომლითაც ტრაგიკულად დაღუპული ათასობით ადამიანისა და გმირი მეხანძრეებისა და პოლიციელების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავ. მე შენ აუცილებლად მოგკლავ“.

შეგახსენებთ, რომ ადესანიასა და რომეროს ორთაბრძოლა თბილისის დროით 8 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები