Aa
Aa

აის ტრეის პირადი რეკორდი და მორიგი მიღწევა - იანგმა მაიამისთან გაიბრწყინა

„ატლანტა ჰოუქსის“ კალათბურთელმა, ტრეი იანგმა „მაიამი ჰითის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რამდენიმე ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჯორჯიელთა გამთამაშებელმა პირადი რეკორდი გაიფორმა და შეხვედრა 50 ქულით დაასრულა.

„აის ტრეი“ „ატლანტას“ ისტორიაში მეექვსე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო. „ჰოუქსის“ უკანახაზელი აბდურ-რაჰიმს, დრიუს, ჰადსონს, მერევიჩსა და უილკინსს გაუთანაბრდა.

გარდა ამისა, იანგი ბრენდონ ჯენინგსის, ლებრონ ჯეიმსისა და დევინ ბუკერის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც 50 ქულა გაიფორმა. ტრეიმ 50-ქულიანი მატჩი 21 წლისა და 154 დღის ასაკში ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ „აის ტრეის“ ბრწყინვალე თამაშის წყალობით, „ატლანტამ“ „მაიამი“ 129-124 დაამარცხა. „ჰოუქსის“ რიგებში იანგის გარდა 17-17 ქულით ჰანტერი და უერტერი გამოირჩნენ, ხოლო კემ რედიშმა აქტივში 16 ქულა ჩაიწერა.

„ჰითის“ დამარცხების შემდეგ, ჯორჯიელებს 16 მოგება დაუგროვდათ. „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩში ლუკა დონჩიჩის „დალასს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები