Aa
Aa

დორტმუნდი VS პსჟ - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ პსჟ-ს საკუთარ არენაზე 2:1 მოუგო და საპასუხო შეხვედრის წინ მცირე უპირატესობა შეიქმნა. მასპინძელთაგან დუბლი ერლინგ ჰალანდმა შეასრულა, სტუმართა მხრიდან კი თავი ნეიმარმა გამოიჩინა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თამაში მედიის წარმომადგენლებთან შეაფასეს.

ლუსიენ ფავრი: „იმის მიუხედავად, რომ ორი გოლის საპასუხოდ ერთი არასასურველი ბურთი მივიღეთ, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ.

მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორი რეაგირება მოახდინა გუნდმა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ - ბიჭები წინ წასვლასა და მეორე გოლის გატანას უმიზნებდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავს კარგად ვიცავთ. წინ წასვლისასაც ვიცით, დაცვაში ეფექტურად როგორ ვითამაშოთ. ჭკვიანური თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია“.

ტომას ტუხელი: „ჩვენ გვჭირდებოდა მოთმინება და შესაფერისი დროის მოძებნა, რათა შეტევაზე წავსულიყავით. კონტრ-პრესინგის თამაში ვერ შევძელით და სათანადოდ ვერც ბურთის დაჭერას ვახერხებდით.

ვნახეთ, რომ წამყვან მოთამაშეთა ტრავმებმა ხელი შეგვიშალა. მაგალითად, ნეიმარს თამაშის რიტმთან ფეხის აწყობა გაუჭირდა.

იმ დროიდან, როცა გოლები გავიდა, ვგრძნობდი, რომ თამაში მეტად გაიხსნა და ჩვენ მეორე გოლის გატანასთანაც ახლოს ვიყავით“.

გუნდები საპასუხო შეხვედრას 11 მარტს, პარიზში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები