გოგა ბითაძე - პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც რთული გზა აქვს გასავლელი
Aa
Aa

გოგა ბითაძე - პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც რთული გზა აქვს გასავლელი

ინდიანაპოლისში დაარსებულმა გამოცემამ, Indy Star-მა გოგა ბითაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა.

***

„ინდიანას“ ბოლო საგარეო ტურნეს დროს გოგა ბითაძეს ბლოკის დაყენება დაავალეს, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ახალწვეულმა, რომელსაც ხანდახან თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მწვრთნელისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა.

„ინდიანას, უკანახაზელი რომელსაც ბურთი ჰქონდა, თავისუფალი სივრცის შექმნას ცდილობდა. ამ მომენტში გოგამ გამომხედა და თითქოს მანიშნა - შეხედე როგორი ვითარებაა შექმნილიო. ბლოკის არ დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო“. - ამბობს ნეით მაკმილანი.

NBA-ის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელებიც აღიარებენ, რომ ზოგჯერ კალათბურთელები მართლები არიან, როცა მიღებულ დავალებებს არ ასრულებენ და იმპროვიზაციას მიმართავენ. 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრისთვის, რომელიც 20 წლისაა და საქართველოში დაიბადა მაკმილანის წინააღმდეგ წასვლა გაბედული ნაბიჯი იყო. თანაც გასათვალისწინებელია ის, რომ „ინდიანას" მაისურით ქართველი ცენტრი ასეთი თავდაჯერებული იშვიათადაა.

სეზონის სტარტზე, მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის ტრავმების გამო, ბითაძეს პარკეტზე დიდი დროის გატარება მოუწია. მატჩებიდან, რომლებშიც გოგამ 15 ან უფრო მეტი წუთი ითამაშა, „პეისერსმა“ 7 მოიგო და 2 წააგო. ეს ცუდი შედეგი არაა, მაგრამ ბოლო პერიოდში მას თავის გამოჩენის საშუალება აღარ ეძლევა და გამონაკლისი არც „მილუოკი ბაქსთან“ მოგებული შეხვედრა გახლდათ. გოგა პრაქტიკას G League-ს გუნდში, „ფორტ უეინში“ იღებს, რაც NBA-ს დონის კალათბურთთან, ხშირ ცვლილებებთან და 82-მატჩიან რეგულარულ სეზონთან ადაპტაციაში ეხმარება.

„NBA-ის რეგულარულში ძალიან ბევრი მატჩი იმართება და სავარჯიშოდ დრო თითქმის არ გრჩება. ამ მხრივ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ევროპული ლიგებისგან ძალიან განსხვავდება. ევროპაში ხშირად ვვარჯიშობდით და კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვთამაშობდით. აქ პირიქითაა“. - აცხადებს „პეისერსის" ახალწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ არაამერიკელზე, რომელიც NBA-ში ბრწყინავს, ძალიან ბევრი ისეთი არაამერიკელი მოდის, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სრული ფიასკო განიცადა, ბითაძეს სჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ქართველი კალათბურთელის იმედი ნეით მაკმილანსაც აქვს: „გოგა თამაშს საუცხოოდ კითხულობს. მას მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს და საკალათბურთო უნარებითაც გამოირჩევა. ის NBA-ში კარგი მოთამაშე გახდება და მას ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება“.

არის შანსი ინდიანამ გოგას არჩევა არ ინანოს

ისტორია გვიჩვენებს, რომ დრაფტის ტოპ 10-ში არაამერიკელთა არჩევა უფრო დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ამერიკელების. ტოპ 10-ის შემდეგ კი უპირატესობას არაამერიკელები ფლობენ. 2019 წლის დრაფტამდე იყო ვარაუდი, რომ ბითაძეს პირველ რაუნდში საერთოდ არ აირჩევდნენ, თუმცა მეორე მხრივ რამდენიმე გუნდი, მაგალითად „სან ანტონიო“ გოგას აყვანაზე იყო ორიენტირებული.

„გოგა კარგი მოთამაშეა. მთავარია NBA-ში რამდენიმე მატჩი ჩაატაროს. ბითაძე ძალისმიერი კალათბურთის მიმდევარია. მას ჭიდაობა უყვარს. ჩემი აზრით საქმე ისაა, რომ გოგა FIBA-სთვის დამახასიათებელ კალათბურთსაა შეჩვეული, რომელიც ძალიან ძალისმიერია". - აცხადებს გოგას თანაგუნდელი, მაილს ტერნერი.

NBA-ში არაამერიკელ მოთამაშეზე ავანსების გაცემა სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული და ლეგიონერისთვის წარმატების მისაღწევად უცხო ქვეყანასთან და კულტურასთან ადაპტაცია უმნიშვნელოვანესია. გოგას აშშ-ში ცხოვრების გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ინგლისურად კარგად საუბრობს, რაც უდიდესი პლუსია. ინგლისური ენის არცოდნამ, NBA-ში ბევრი კალათბურთელის განვითარებას შეუშალა ხელი. ხუან კარლოს ნავარო ამის ნათელი მაგალითია. მეორე მხრივ პაუ გასოლმა და დანიელ ტაისმა, რომლებიც ინგლისურად კარგად საუბრობენ, წარმატებას მიაღწიეს, რაც გოგას სასარგებლოდ მეტყველებს.

გასოლისა და ტაისის გარდა, ალექს ლენზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. უკრაინელი „მერილენდის“ კოლეჯში ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და ამერიკული კალათბურთისთვის დამახასიათებელ სტილს შეეგუა. მართალია ლუკა დონჩიჩს ლენის მსგავსი გზა არ გაუვლია, მაგრამ სლოვენიელი აშშ-ს ხშირად სტუმრობდა და NBA-ის სუპერვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშობდა.

ბითაძეს ეს ფუფუნება არ ჰქონია. მას ადაპტაციისთვის და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სტილთან შესაგუებლად საკმარისი დრო არ გააჩნდა. თუმცა "ინდიანას" მსგავს ორგანიზაციაში მოხვედრა მას სწორი გეზის აღებაში და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სიარულის გაგრძელებაში დაეხმარება.

ახალი გარემო

NBA-სგან განსხვავებით, FIBA-ს სამი წამის წესი არ აქვს. ეს გოგასთვის ზუსტად ისეთი სიახლე გახლავთ, როგორც ის, რომ მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაცვაში უფრო აგრესიულად თამაში მოსთხოვეს. „ბუდუჩნოსტში“ და მანამდე სერბეთში ასპარეზობისას მაღლებისთვის ყველაფერი მარტივად იყო.

„NBA-ში განსხვავებული ტემპია. ჩვენ გვინდა მაღლებმა ბლოკების დაყენებაში პროგრესი განიცადონ. ევროპაში ერთი ორი პასის შემდეგ ისვრიან და ცენტრებს ბლოკების დაყენება ძირითადად ერთხელ უწევთ. NBA-ში ყველაფერი სხვანაირადაა. ერთი პიკ ენდ როლი არ ნიშნავს, რომ შეტევაში ბლოკების დაყენება უნდა შეწყვიტო". - აცხადებს მაკმილანის ასისტენტი, დენ ბერკი.

ალექს ლენმა „მერილენდში“ ყოფნისას გაითავისა პიკ ენდ როლის დროს დაცვაში როგორ უნდა ითამაშოს და „ცოცხალი ღობის“ ფუნქციები როგორ შეითავსოს, რაც ცენტრებისთვის ძალიან რთულია. პიკ ენდ როლისას მათ მაღლა ამოწევით ბურთის მქონე გამთამაშებელი უნდა შეაჩერონ, ხოლო შემდეგ მეტოქე გუნდის იმ კალათბურთელზე გადაერთონ, რომელმაც ბლოკი დააყენა და სამწამიანისკენ მიემართება. ლენი ამ გამოწვევის დაძლევის გზებს „მერილენდში“ დაეუფლა, ხოლო ბითაძემ იგივე ევროპაში შეისწავლა და ახლა NBA-ში განსხვავებულ გარემოსთან უწევს გამკლავება, რაც იოლი ნამდვილად არაა.

პროგრესის მისაღწევად გოგამ აუცილებელია თანაგუნდელებისთვის საბონისისა და ტერნერის მსგავსი ბლოკების დაყენება ისწავლოს. მან ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოავლინოს და უფრო მომთხოვნი გახდეს. გადამწყვეტ მომენტებში „ინდიანას“ კალათბურთელები ქართველ ცენტრს არ ენდობოდნენ და პრობლემა ისაა, რომ იგი ბურთს თავადაც არ ითხოვდა, რის გამოც რამდენჯერმე პარკეტის დატოვება მოუწია.

სეზონის სტარტზე „შარლოტთან“ მატჩში იყო მომენტი, რომელიც ყველაფერს კარგად ასახავს. მეოთხე მეოთხედში „ჰორნეთსის“ კალათბურთელებმა მალკოლმ ბროგდონი მახეში მოაქციეს. ბითაძის მეურვემ, ბისმაკ ბიომბომ გოგა დაივიწყა და „ინდიანას“ გამთამაშებელზე ორმაგი დაცვის დასაწესებლად გადავიდა. ამ დროს ქართველი კალათბურთელი ერთ ადგილას იდგა და მისთვის ისეთი პასის მიცემა, რომლითაც ბროგდონი წნეხს თავს დააღწევდა შეუძლებელი გახლდათ. ხსენებულ ეპიზოდში ბითაძეს მოძრაობა უნდა დაეწყო და თავისუფალი სივრცე მოეძებნა, თანაც ისეთ ადგილას, სადაც ბროგდონი მის დანახვას შეძლებდა. შედეგად „ინდიანა" ფართან ახლოს რიცხობრივ უპირატესობას მოიპოვებდა და გოგას ან შეტევის თავად დასრულების (თუ მასზე მეტოქე გუნდის კალათბურთელი გადავიდოდა) ან თავისუფალი თანაგუნდელის პოვნის საშუალება მიეცემოდა.

გოგას დამოკიდებულება „ინდიანას“ 5-მატჩიანი საგარეო ტურნეს მიმდინარეობისას შეიცვალა. მაკმილანისთვის გაწეულ წინააღმდეგობასთან ერთად, მან „დენვერთან“ შეხვედრაში 2 წუთში ბურთი 3-ჯერ ისროლა, რაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველად გააკეთა.

„გოგა ბურთს მხოლოდ იმ შემთხვევაში ისროდა, თუ სრულიად თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მე მასთან ერთად რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გავაანალიზე და ბითაძეს ვუთხარი, რომ არის ტყორცნები, რომლებიც აუცილებლად უნდა განახორციელოს. მნიშვნელობა არ აქვს სრულიად  თავისუფალია თუ არა“. - აცხადებს მაკმილანი.

სანამ ტერნერი და საბონისი ჯანმრთელად არიან, გოგა დიდ სათამაშო დროს ვერ მიიღებს. ბუნებრივია არის შანსი რომელიმე მათგანი ერთ-ერთ შეხვედრაში ჯარიმებით დაიტვირთოს და ბითაძესთვის ასეთი მომენტების მაქსიმალურად გამოყენება უმნიშვნელოვანესია. „გოგას სურს ინდიანაში წარმატებას მიაღწიოს. მას უნდა აქ დარჩეს და პეისერსის რიგებში თამაში სიამოვნებს". - გვარწმუნებს პორტლენდში გაზრდილი დომანტას საბონისი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები