ტრანსფერი რეალურია: ანანიძე ''ანორთოსისთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

ტრანსფერი რეალურია: ანანიძე ''ანორთოსისთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს

CrystalSport-ის ცნობით თემურ ქეცბაიას ფორმაციის ''ანორთოსისში'' შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ვიხილოთ, რომელმაც მოსკოვის ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

ანანიძემ ''სპარტაკთან'' კონტრაქტი 21 იანვარს გაწყვიტა. CrystalSport-ის ცნობით კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ კვიპროსულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის აქტიური მოლაპარაკება  დაიწყო და სავარაუდოდ საკითხი უახლოეს საათებში გაირკვევა.

მოსკოვის ''სპარტაკთან'' დადებული ხელშეკრულების მიხედვით ანანიძის წლიური ხელფასი მილიონ 700 000 ევროს შეადგენდა, კვიპროსული კლუბი კი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში აღნიშნული თანხის 50 პროცენტის გადახდასაც ვერ შეძლებდა. ასე რომ ინფორმაცია, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტამდე ანანიძის ''ანორთოსისში'' გადასვლას ეხებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ამჟამად კი რეალურია, რომ ანანიძე კუნძულზე გადაბარგდეს.

გასული ზაფხულიდან მოყოლებული ''ანორთოსისს'' თემურ ქეცბაია წვრთნის და მისი გუნდის შემადგენლობაში გიორგი ლორია, ლუკა მიქაია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ირიცხებიან. 

შეგახსენებთ, ანანიძე 2009 წლიდან მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი იყო. მან 2013 წელს იჯარის წესით ''როსტოვში'' ითამაშა, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი ასევე იჯარით ''კრილია სოვეტოვში'' ასპარეზობდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ანანიძე ''სპარტაკში'' დაბრუნდა და კვლავ ნაცნობი პრობლემის წინაშე დადგა, მას მოსკოვურ გუნდში არ ენდობოდნენ და კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

საერთო ჯამში ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოვური გუნდის რიგებში 146 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები