რატომ უნდა
Aa
Aa

რატომ უნდა "ბარსას" ოლმოს შეძენა? რომელ პრობლემებს მოაგვარებს მისი ტრანსფერი?

„ბარსელონა“ სატრანსფერო გეგმებს უკვე ალაგებს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაგრების „დინამოს“ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი დანი ოლმოა.

ოლმო „ლა მასიაში“ 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრებელთა რიგებს მიაშურა და თამაშს ნელ-ნელა მოუმატა.

ესპანელი შემტევი „ბარსელონაში“ დაბრუნების პერსპექტივით მოხიბლულია და ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად სურს:

ოლმოს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" კარში

„მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერმა სერიოზული სახე მიიღო და „ბარსა“ ჩემი დაბრუნებით ინტერესდება. „ლა მასიაში“ 6 წელი გავატარე და იქ შეძენილი ღირებულებები მთელი კარიერის განმავლობაში გამომყვა.

იანვარში გუნდის შეცვლა? თუ, კლუბები მოილაპარაკებენ, ვფიქრობ ყველა მხარისთვის უმჯობესი იქნება ზაგრები ახლავე დავტოვო. „დინამო“ კარგ თანხას მიიღებს, მე კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გადავალ.

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მესისთან ერთად ვარჯიში და სწავლაა.

მირჩევნია კლუბი იანვარშივე შევიცვალო, ვიდრე ზაფხულში. ეს ყველაფერი ევრო 2020-ზე ჩემი მოხვედრის შანსებს გაზრდის“. - აი ასეთ პოზიციაზე იმყოფება დანი ოლმო.

ფეხბურთელი თავის მშობლიურ კლუბში დასაბრუნებლად მზადაა და ოფიციალურ შეთავაზებას ელის.

რაც შეეხება „ბარსას“, Goal-ის ინგორმაციით ერნესტო ვალვერდე ოლმოს შესაძლო შეძენით მოხიბლულია და ტრანსფერს სრულად ემხრობა.

„ბარსელონა“ ფეხბურთელის შეძენას სეზონის დასრულების შემდეგ 40 მილიონ ევროდ გეგმავდა, თუმცა ოლმოს მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და თავად ესპანელს ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას გადაწყვეტს „ბარსა“ და როდის გაიფორმებს ოლმოს, მაგრამ ცნობილია მიზეზი, რატომაც სურთ კატალონიელებს მისი გადაბირება. 21 წლის ფეხბურთელი უნივერსალია. მისი ამპლუა მოედნის ცენტრიდან თამაშის გამწვავებაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ორივე ფლანგზეც თამაშობს.

ოლმო ინიესტას მსგავსად ორივე პოზიციას იდეალურად ითავსებს და 2019 წლის ზაფხულში მისი შეძენით „ბაიერნი“ შემთხვევით არ ინტერესდებოდა.

„ბარსას“ საკმაოდ არაშემტევი სტილის ნახევარდაცვის ცენტრი ჰყავს. ვალვერდეს შუახაზელები ძირითადად ბურთის კონტროლსა და მეტოქის შეტევების ჩაშლას ახერხებენ. ფორვარდთა შემტევ ტრიოს ნახევარდაცვიდან მხარს შესაბამისად ვერავინ უბამს.

დანი ოლმოს პროგრესი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს. მას შანსი უკვე ესპანეთის ნაკრებშიც მიეცა და სადებიუტო შეხვედრაში თავი გოლითაც გამოიჩინა.

ესპანური პრესა უახლოეს დღეებში ოლმოს ტრანსფერის შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელებას ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები