Aa
Aa

"ელ კლასიკო" - მატჩის წინ: ტაქტიკა და დიდი მოლოდინი - ვინ რომელ იარაღს გამოიყენებს

18 დეკემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ გაიმართება. 26 ოქტომბრის შემდეგ მილიონობით გულშემატკივარი ამ ჯახს მოუთმენლად ელის. მატჩის გადადებამ მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა.

ეს მატჩი განსაკუთრებული და განსხვავებული იქნება. რატომ? სანამ საფეხბურთო სამყარო ლეო მესის გაიცნობდა, იქამდე "ელ კლასიკოს" ისტორიაში მადრიდის "რეალი" დომინირებდა.

ლეოს გამოჩენამდე "რეალი" "ბარსას" 87-66-ს ამარცხებდა. არგენტინელის გამოჩენიდან დღეის ჩათვლით კი ასეთი მდგომარეობაა - "ბარსელონა" 96-95 "რეალი".

87 წლის შემდეგ პირველად - "ბარსამ" "რეალს" ურთიერთშეხვედრებში მოგებული მატჩებით გადაასწრო.

რაკიტიჩის ისტორიული გოლი "რეალის" კარში

ამჯერად განვიხილოთ გუნდების მდგომარეობა, თუ როგორ მოვიდნენ ისინი ამ მატჩამდე და რას უნდა ველოდოთ შეხვედრისგან.

ვინ როგორ ფორმაშია და რა პრობლემა აქვს

გუნდები სატურნირო ცხრილში 35-35 ქულით პირველ პოზიციას იყოფენ. თამაშის ხარისხით ვალვერდესა და ზიდანის ბიჭები თავიანთ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფებიან, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი რთულ მდგომარეობაშია და „ელ კლასიკომ“ ცუდ დროს მოუსწრო.

ზიზუს დანაკლისი გაცილებით დიდი აქვს. „რეალს“ აზარი, მარსელო, ხამესი და ასენსიო დააკლდება, მაგრამ ბოლო ორი მატგანის შესახებ ისედაც ყველამ ყველაფერი იცოდა. 100%-ით გადაწყვეტილი არ არის მენდის თამაში. ფრანგი შესაძლოა ნაჩომ შეცვალოს.

„ბარსას“ არტური და დემბელე დააკლდება. ვალვერდეს ახლახან დაუბრუნდნენ ხორდი ალბა და ნელსონ სემედუ, რომლებიც ჯერ სათანადო ფრომაში არ იმყოფებიან.

მიუხედავად დანაკლისისა ორივე გუნდს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შეხვედრას სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები

მასპინძელბის შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ სიტუაცია გაცილებით პროგნოზირებადია და 90%-ით ვიცით, თუ რომელ თერთმეტეულს დააყენებს ბასკი სპეციალისტი.

„ბარსა“ 4-3-3-ით ითამაშებს და თერთმეტივე მოთამაშის ვინაობის დასახელება ახლავეა შესაძლებელი. ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, ალბა, პიკე, ლენგლე, ბუსკეცი, რაკიტიჩი, დე იონგი, მესი, გრიზმანი და სუარესი.

შესაძლოა ვალვერდემ მატჩამდე რაიმე შეცვალოს, თუმცა მისგან მოულოდნელი ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია.

როგორც ხდება ხოლმე, არტურო ვიდალს ვალვერდე ცვლილებაზე შეიყვანს და მას მატჩის სცენარიდან გამომდინარე გამოიყენებს. არტურის არყოფნის გამო ნახევარდაცვის სამეული მარტივი გამოსაცნობია.

შეტევაში ყველამ კარგად იცის რა და როგორც იქნება. თადარიგში ვალვერდეს თინეიჯერების იმედი უნდა ჰქონდეს - ანსუ ფატი და კარლეს პერესი.

რაც შეეხება ზიდანს, აქ საქმე საკმაოდ რთულადაა და ადვილი გამოსაცნობი ნამდვილად არ არის, თუ ვის ენდობა ზიზუ.

ესპანური პრესა ედენ აზარის ტრავმის შემდეგ ვარაუდობდა, რომ ფრანგი სპეციალისტი „ბარსელონას“ წინააღმდეგ 4-4-2-ს გამოიყენებდა. ამ სქემამ მას ბევრჯერ გაუმართლა.

ტიბო კურტუას წინ კარვახალი, ვარანი, რამოსი მენდის (ან ნაჩოს) ოთხეულს უნდა ველოდოთ.

ნახევარდაცვაში კაზემიროსა და ფედე ვალვერდეს წყვილს ვიხილავთ. შესაძლოა ზიზუმ მოდრიჩი-კროოსიდან რომელიმე თადარიგში დატოვოს და მათ ნაცვლად ისკოს ენდოს. შანსი მცირეა, მაგრამ 4-4-2-ის დროს ესპანელი საკმაოდ კარგად მოქმედებს და ამის თქმის საფუძველს სწორედ ეს გვაძლევს.

ზიდანს ბეილი-როდრიგოდან ერთის არჩევა მოუწევს, რომელიც ბენზემას უკნიდან იმოქმედებს და თამაშს ფლანგიდანაც გაამწვავებს. ვინისიუსი უდიდესი ალბათობით თადარიგში დარჩება.

ტაქტიკა - რას უნდა ველოდოთ ვალვერდესა და ზიდანისგან?

ლეო მესიმ მატჩამდე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: „“რეალთან“ მადრიდში მუდამ განსხვავებული თამაშები გვაქვს და ამის მიზეზი „სანტიაგო ბერნაბეუა“. ისინი საკუთარ მოედანზე ვალდებულნი არიან შეგვიტიონ, ამას ქომაგები ითხოვენ. ასეთ დროს კი ჩვენ მეტი სივრცე გვაქვს, რომ მათ შევუტიოთ.

ჩვენს მოედანზე მატჩები უფრო ჩაკეტილი და რთულია, რადგან „რეალის“ მოთამაშეები ერთმანეთთან უფრო ახლოს დგანან და სივრცეებს ზღუდავენ“.

„რეალი“ თამაშის ჩაკეტვას აუცილებლად ეცდება და უდიდესი ალბათობით მესის წინააღმდეგ კაზემირო-ვალვერდეს დუეტი ითამაშებს. შესაძლოა რომელიმე მათგანი არგენტინელს პერსონალურადაც დაუდგეს.

ზიდანს ვალვერდესგან განსხვავებით პლუსი აქვს, რადგან „რეალის“ ფეხბურთელები გაცილებით მრავალფეროვნები არიან და თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ.

მაგალითად, მოდრიჩისა და ისკოს ტიპის ფეხბურთელი ვალვერდეს შემადგენლობაში არ ჰყავს. კატალონიელთა შუა ხაზი გაცილებით პრაგმატული და ერთფეროვანია. ნაკლებად შემტევი და მკაცრად ცენტრში მოთამაშე ტრიო, რომელიც მესი-გრიზმანი-სუარესის უკან მოქმედებს.

„ბარსას“ იერიშების 80% ცენტრიდან ხორციელდება და ამის მიზეზი მათი ნახევარმცველების სათამაშო სტილთან ერთად ლეო მესი არის, რომელიც სათამაშო დროის უდიდეს ნაწილს ცენტრში ატარებს. სწორედ ამიტომ ზიდანისგან 4 ნახევარმცველის გამოყენებას უნდა ველოდოთ.

საინტერესოა როგორ ითამაშებს ამ დონის შეხვედრაში ანტუან გრიზმანი, რომელიც თავისთვის ყველაზე ცუდ პოზიციაზე ირჯება. ფრანგ შემტევს ამ მატჩში დიდი როლი ექნება, იმაზე დიდ ვიდრე ამას ვინმე მოელის. ამ ყველაფერს შეხვედრის მსვლელობაც დაგვანახებს...

ამ შეხვედრაში „რეალის“ მთავარი იარაღი ნახევარდაცვა იქნება. ამის მიზეზი ჯერჯერობით დაულაგებელი შეტევის ხაზია.

ბენზემას როლი გასაგებია. ფრანგი მიმდინარე სეზონში მაქსიმუმს აკეთებს. მას ლა ლიგაში ბრწყინვალე შედეგი აქვს: 15 მატჩი, 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

კარიმის გარდა მის გარდა მადრიდელებს ახალგაზრდა და გამოუცდელი როდრიგო-ვინისიუსი ჰყავთ, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადში იქნება. ასეთი დონის შეხვედრაში თინეიჯერებზე დაყრდნობა კი სარისკოა. ეს ყველაფერი ნაწილობრივ გარეთ ბეილისა და ზიდანის კონფლიქტის ბრალია.

უელსელს მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა, თუმცა შემდეგ იყო ტრავმა და მორიგი უთანხმოება. მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ „ბლანკოსის“ თამაშში ბევრი არაფერი იცვლება. ბეილი თამაშობს იმიტომ, რომ ეს უბრალოდ საჭიროა და ამისთვის მას უხდიან. უელსელის მოქმედებებში ენთუზიაზმი და მონდომება საერთოდ არ იგრძნობა.

როდრიგო, თუ ბეილი? ზიზუს დილემა...

აზარის ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ზიდანმა ვალვერდეს მოედნის ცენტრი უნდა მოუგოს, რის შემდეგაც „ბარსას“ ფლანგებიდან შეტევა მოუწევს, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნეთ ისე ეფექტურად ვერ იყენებს.

„რეალი“ შეტევაში ისეთი მომაკვდინებელი ვერ არის და ვერც მათი დაცვა დგას საიმედოდ. „ვალენსიასთან“ მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა, თუმცა ამ მხრივ პრობლემები „ბარსელონასაც“ აქვს. კატალონიელები გოლს პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში უშვებენ.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან?

რიგი პრობლემებისგან გამომდინარე „კლასიკოში“ ბევრი გოლის გასვლას უნდა ველოდოთ, თუმცა ეს მატჩი ყველანაირი სტატისტიკისგან, ფურცელზე დაწერილი მოსაზრებებისგან ამოვარდნილია და ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება.

„კამპ ნოუზე“ შეხვედრების უმრავლესობაში, რომელშიც ბევრი გოლი გადის, ძირითადად „რეალი“ ნადგურდება ხოლმე, ან ვიღებთ ჩაკეტილ, რთულ და მწირგოლიან მატჩს. ამ დიდებულ სტადიონზე უკვე დიდი ხანია არ გვინახავს ერთბაშად დაძაბული, უხვგოლიანი და მეტნაკლებად თანაბარი დაპირისპირება. ამის მიზეზი ლეო მესია. მის წინააღმდეგ ყველა ისე თამაშობს როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც იციან.

ეს „ელ კლასიკოა“ და აქ შანსები 50-50-ზეა? არა, ამ შემთხვევაში ფავორიტი „ბარსაა“ და მათ რამდენიმე პროცენტით მეტი ერგებათ. ეს ფურცელზე...

რა იქნება უშუალოდ მინდორზე? მოდი ეს ვისურვოთ, ვინატროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ საფეხბურთო ზეიმის მომსწრენი გავხდებით.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები