Aa
Aa

აფობეს გულისამაჩუყებელი წერილი - „ამორა თავისი პატარა დის გულში ცოცხლობს"

„ბრისტოლის“ ფეხბურთელმა ბენიკ აფობემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 2 წლის ქალიშვილი დაკარგა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა, მადლობა გადაუხადა.

„ლოისის, ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით მინდა ყველას, ვინც დაგვიკავშირდა ან 9 დღის წინ გარდაცვლილი ჩვენი პატარა გოგონა ამორასთვის ილოცა მადლობა გადაგიხადოთ.

თქვენგან მიღებული მხარდაჭერა არასდროს დაგვავიწყდება და ეს ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. თქვენ ჩვენ იმედი მოგვეცით და დაგვანახეთ, რომ ასეთ მომენტებში მსოფლიოს შეუძლია ერთად დადგეს.

ამორას ბევრი არ იცნობდა, მაგრამ მას ერთი წლის და, ალბა ჰყავს და ჩვენ მისთვის ძლიერები უნდა ვიყოთ. ამორა თავისი პატარა დის გულში ცოცხლობს. ის ალბას გაზრდაში დაეხმარება და საშუალებას მისცემს ისეთი გაბედული და მამაცი გახდეს, როგორიც თავად იყო.

ჩვენ იესო ქრისტესი გვწამს და როცა განსაცდელი გვიდგას, ის გვანუგეშებს. ის ჩემს ოჯახს ყოველთვის დაიცავს და ძალას მუდამ მოგვცემს. ჩვენ გვინდა ეს დაბრკოლება გადავლახოთ და ხალხს ვაჩვენოთ, რომ მაშინაც კი, როცა მწუხარებას განვიცდით, შეგვიძლია ძლიერები ვიყოთ და არ დავნებდეთ.

ნეტავ პასუხის დაბრუნება ყველა თქვენგანისთვის შემეძლოს. ნეტავ შემეძლოს ყველას გითხრათ თქვენი სიტყვები ჩვენთვის რამდენს ნიშნავს.

დიდი მადლობა ყველა კლუბს, რომელმაც სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და მთელ მსოფლიოს, რომელიც ჩვენ გვერდით დადგა. ღმერთმა დაგლოცოთ. სიყვარულით აფობეს ოჯახი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები