დებიუტი ვარსკვლავურ გუნდთან:''წარმატება მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს''
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  19:50

დებიუტი ვარსკვლავურ გუნდთან:''წარმატება მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს''

2017 წელს ''საბურთალოს'' 19-წლამდე გუნდის რიგებში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა და ორივე მეტოქეს, თურქულ ''ბურსასა'' და სერბულ ''ბროდარაცს'' გოლი გაუტანა, თუმცა ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გასულ ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, როდესაც გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრების ''დინამოსთან'' გასვლით მატჩში ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი, იური ტაბატაძე თამაშში ჩართო.

ტაბატაძე ''მაქსიმირზე''

19 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი ძალიან წარმატებულია, პროფესიულ ფეხბურთში გიორგი ჭიაბრიშვილის მიცემულ შანსებს იყენებს და პარალელურად გია ცეცაძის ფორმაციის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავს.

იური ტაბატაძის დებიუტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში საფრანგეთთან შედგა, მატჩი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან. ნანსში გამართული თამაში, რომელიც ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრით მოტანილ სიხარულსა და უსამართლოდ დანიშნული პენალტით გამოწვეულ მწუხარებას უკავშირდება.

იური ტაბატაძე CrystalSport-ს ესაუბრა:''ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. მე ვიტყოდი, რომ ორმაგად მნიშვნელოვანი, რადგან 21-წლამდე ნაკრებში ვატარებდი სადებიუტო მატჩს გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ვარსკვლავებითა და ამომავალი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ამავდროულად ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან მთავარმა მწვრთნელმა შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მომცა.

საფრანგეთთან და სლოვაკეთთან გამართულმა შეხვედრებმა ნათლად დამანახა, რომ ნებისმიერ მომენტში თამაშის სურათი და ანგარიში შესაძლოა მეტოქის სასარგებლოდ შეიცვალოს ან პირიქით, აგებდე და წინ გახვიდე. ამიტომ მაქსიმალურად დახარჯვა და კონცენტრაციაა საჭირო.''

კითხვაზე არბიტრმა ნანსში რამდენად სამართლიანად იმსაჯა, ტაბატაძე ასე პასუხობს:''არ ვიცი, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. მან ასე ჩათვალა და ვერაფერს შევცვლით. მსგავსი რაღაცები ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ დასანანია, რომ ამჯერად ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა.''

ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში საფრანგეთთმა მატჩის მიწურულს საეჭვო ვითარებაში დანიშნული პენალტის წყალობით ცეცაძის გუნდი 3:2 დაამარცხა. შემდეგი მატჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთთან ნიტრაში ჩაატარა და ამ მატჩშიც ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა.

ტაბატაძე სლოვაკური დაპირისპირების შესახებ:''ლოჩოშვილი დაგვაკლდა, გააძევეს და მეორე ტაიმში დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ვითამაშეთ. ასე თამაში რთულია. არ ვიცი ლოჩოშვილის გაძევებამ შედეგზე რამდენად იმოქმედა, რადგან წითელი ბარათიც ფეხბურთის ნაწილია და ბევრი თამაში გვინახავს, როცა 10-კაციან გუნდს გამარჯვება მოუპოვებია. ჩვენ არ გაგვიმართლა.''

მთავარ ფოტოზე იური ტაბატაძე პსჟ-ს მცველ კოლინ დაგბასა და ლევერკუზენის ''ბაიერის'' შემტევ მუსა დიაბის წინააღმდეგ

ფოტო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები