Tuttosport - პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს
Aa
Aa

Tuttosport - პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს

ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttosport იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, პოლ პოგბა ზაფხულში „იუვენტუსში“ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

ცოტა ხნის წინ ფრანგი სუპერვარსკვლავის საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის „რეალს“ სურდა, მაგრამ „სამეფო კლუბს“ არაფერი გამოუვიდა. „ბლანკოსთან“ წარუმატებლობის შემდეგ კი პოგბამ მიზნად „სახლში“ დაბრუნება დაისახა.

Tuttosport-ის ცნობით პოგბას სურვილის შესახებ დიდი ხანია ყველას მშვენივრად მოეხსენება და ბონუჩის „ინსტაგრამის“ პოსტზე ფრანგის გამოხმაურება იმის დადასტურება გახლავთ, რომ ყველაფერი მართლაც ასეა. „იუვეს“ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელზეც მაურიციო სარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას ზეიმობს. პოგბა კი პოსტს ასე გამოეხმაურა: „Capitanoooooo”.

ბუნებრივია ეს არაფერს ამტკიცებს, მაგრამ იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ პოგბას ტურინში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვა „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებსაც სურთ. მათი აზრით პოგბას გადაბირება კომერციული თვალსაზრისით ისეთივე მომგებიანი იქნება, როგორიც კრიშტიანუ რონალდუს შეძენა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები