Marca -
Aa
Aa

Marca - "რეალის" პრობლემები და რონალდუს აჩრდილი

მადრიდის „რეალს“ გოლების გამტანი ფეხბურთელი აკლია. ეს ხმაურიანი განცხადება არ გახლავთ, პირიქით - სამწუხარო რეალობაა. „სამეფო კლუბს“ გოლები კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ შემოაკლდა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს პორტუგალიელმა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სეიფიდან გოლების გატანის რეცეპტებიც წაიღო. რონალდუს „იუვეში“ გადასვლის შემდეგ, „რეალს“ თავი გაჭირვებით გააქვს. „ბლანკოსს“ ხანდახან ბენზემა ეხმარება, მაგრამ აშკარაა, რომ გუნდს წარმატებისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

კრიშტიანუმ „სანტიაგო ბერნაბეუ“ 2017 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ გუნდს გოლების გამტანი ფეხბურთელი არ გადაუბირებია. მადრიდში რატომღაც ზებუნებრივი ძალების ირწმუნეს და ეგონათ, რომ ყველაფერი გართულებების გარეშე მოგვარდებოდა. რა თქმა უნდა ასე არ მოხდა და „რეალს“ კრიზისი დაეწყო. ზაფხულში ფლორენტინო პერესმა „ჩელსის“ სუპერვარსკლავი, ედენ აზარი გაიფორმა, მაგრამ ბელგიელ ფეხბურთელს სეზონში 50 გოლის გატანა ნამდვილად არ შეუძლია. აზართან ერთად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იოვიჩიც მივიდა. ამ უკანასკნელს ბენზემასთვის კონკურენცია უნდა გაეწია, მაგრამ ძირითადად სათადარიგოთა სკამზე რჩება.

როცა „რეალმა“ „ლეგანესს“ 5 გოლი გაუტანა, რონალდუ არავის გახსენებია, მაგრამ მიმდინარე სეზონში „ბლანკოსის“ შეხვედრების უმრავლესობა „ბეტისთან“ ჯახს უფრო ჰგავს, ვიდრე „ლეგანესთან“ დაპირისპირებას. „ვერდიბლანკოსთან“ „სამეფო კლუბმა“ ბევრი მომენტი გაანიავა, რომლებსაც კრიშტიანუ ნამდვილად გამოიყენებდა.

„რეალმა“ მიმდინარე სეზონში კარისკენ 209-ჯერ დაარტყა და 24 გოლი შეაგდო, რაც 2008-09 წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. წარმატებით მადრიდელთა დარტყმების მხოლოდ 11.48 პროცენტი დასრულდა, კრიშტიანუს დროს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20 პროცენტი გახლდათ.

2019 წლის ნოემბერში რონალდუს გარეშე დარჩენილ „რეალზე“ საუბარი ცოტა ზედმეტია, მაგრამ მისი აჩრდილი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაინც არ ტოვებს. „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ ჩვეული ეფექტურობით ვერც რონალდუ დაიკვეხნის. როგორც „ბლანკოსისთვის“, ასევე პორტუგალიელისთვის „განქორწინება“ ცუდი შედეგებით დასრულდა.

დაბოლოს, ზიდანის გუნდს წლეულს გამართულ 14 შეხვედრაში 24 გოლი აქვს გატანილი. „სამეფო კლუბს“ გოლი ყოველ 52 წუთში გააქვს, თუმცა მადრიდელები ევროპის ტოპ კლუბებს ბევრით ჩამორჩებიან. მაგალითისთვის პეპ გუარდიოლას „სიტის“ 14 მატჩში მეტოქის კარი 44-ჯერ აქვს აღებული, რაც „რეალზე“ 20-ით მეტია. ამასთან ერთად ესპანეთში „ბლანკოსზე“ მეტი გოლი „ბარსელონასა“ და „ვილიარეალს“ აქვთ შეგდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები