Aa
Aa

ისტორიაში მესამედ - სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია!

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკელთა ტრიუმფით დასრულდა! ინგლისმა თავისი თამაში ვერ აჩვენა და 12:32 დამარცხდა. მეტოქე ყველა კომპონენტში შეუდარებელი იყო.

ინგლისმა და სამხრეთ აფრიკამ პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ჩაატარეს. ლელოს გარეშე - გუნდებმა მხოლოდ ჯარიმები გაიტანეს და საბოლოოდ შესვენებაზე ტაბლოზე 12:6 დაფიქსირა, სამხრეთ აფრიკელების სასარგებლოდ.

სამხრეთ აფრიკამ ინგლისს იმ რაგბის თამაშის საშუალება არ მისცა, რომელიც ევროპელებმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშეს. მათმა შუამარბებმა ფინალი უბრალოდ ფენომენალურად ჩაატარეს და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

მეორე ტაიმი ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ედი ჯოუნსის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვა.

გუნდები ლელომდე ვერ მიდიოდნენ, ყველა ჯარიმა კიდეზე გადატანის ნაცვლად კარში იქნა დარტყმული. ეს ყველაფერი ფინალის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს - დაძაბულობა უდიდესი იყო და მოთამაშეები ნაკლებად რისკავდნენ.

66-ე წუთზე ფინალის გარდამტეხი და გადამწყვეტი მომენტი დადგა. მაპიმპიმ მარცხენა ფლანგიდან ბრწყინვალე შეტევა წამოიწყო, რომელიც ლელოთი დასრულდა.

ეპიზოდი ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა, თუმცა ყველაფერი წესების ფარგლებში იყო, ლელო ჩაითვალა. გარდასახვა ზუსტად შესრულდა.

ეს იყო ისტორიული მომენტი სამხრეთ აფრიკელთათვის. ეს მათი მესამე ფინალია, თუმცა ლელო აქამდე დადებული არ ჰქონდათ. ასე, რომ მაპიმპის სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

ინგლისი უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, ბრიტანელებს 2 გარდასახული ლელო სჭირდებოდათ, რისთვისაც დრო არც ისე ბევრი იყო დარჩენილი და თან სამხრეთ აფრიკელთა წინააღმდეგ მსგავსი რამის გაკეთება ურთულესი იყო.

74-ე წუთზე ჩესნი კოლბემ მარჯვენა ფლანგიდან გარღვევა განახორციელა და მსოფლიო თასზე მე-3 ლელო დადო, თუმცა ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ.

პოლარდის მორიგი ზუსტი დარტყმა და 32:12 - ყველაფერი დასრულდა.

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა და ამ მაჩვენებლით ახალ ზელანდიას გაუთანაბრდნენ!

ასევე, მათ ანგარიშზე 100%-იანი შედეგია - სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში სულ სამჯერაა ნამყოფი და ყველა მათგანი მოიგო.

ცხელი ამბები