ინიესტას ვრცელი ინტერვიუ - "ბარსაში" გატარებული წლები, კაპიტნის სამკლაური და ანსუ ფატი
ესპანურმა გამოცემა Marca-მ „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელთან, ანდრეს ინიესტასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. „ვისელ კობეს“ ნახევარმცველმა ძირითადად იაპონიის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა, თუმცა “კამპ ნოუზე“ გატარებული წლებიც გაიხსენა.
***
როგორ აღწერდი „ბარსელონაში“ გატარებულ წლებს ერთი სიტყვით?
„მაგიური, განსაკუთრებული, საუკეთესო. 12 წლის ასაკში, როცა ბარსელონას აკადემიაში მივედი ჩემი ოცნება ძირითად გუნდში თამაში იყო და საბედნიეროდ მიზანს მივაღწიე. ბარსას მაისურით მონაწილეობა უამრავ შეხვედრაში მივიღე და ბევრი ტიტული მოვიგე. ეს კი უდიდესი შრომის შედეგი გახლდათ. თუ მაინცდამაინც ერთ სიტყვას ითხოვთ, მაშინ მაგიურს გამოვიყენებდი“.
შენ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ გაქვს ნათამაშები. გაგვანდე მათი ვარჯიშების უცნობი ისტორიები.
„თითქმის ყველაფერი გასაჯაროვებულია. ვარჯიშებზე რონალდინიო და მესი უფრო გენიალურად მოქმედებდნენ, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრებში. ძალიან გამიმართლა მათ გვერდით თამაში რომ მომიწია“.
„ბარსელონას“ კაპიტანი ბევრჯერ ყოფილხარ. ეს შენთვის ტვირთი იყო თუ დამატებითი ენერგიის წყარო?
„ბარსელონას კაპიტნის სამკლაურის ჩემთვის ტვირთი არასდროს ყოფილა. მისი მორგება განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდებოდა. ჩემთვის ბარსას კაპიტნობა უნიკალური მომენტი იყო და ვცდილობდი თანაგუნდელებისთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა“.
დღევანდელ „ბარსელონას“ როგორ შეაფასებდი? კლუბი ისე ვეღარ კაშკაშებს, როგორც შენს დროს.
„ვთვლი, რომ ბარსელონა ახლაც კარგი გუნდია, რომელიც სხვებისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს".
კარგი, მაგრამ სტილი იგივეა?
„სტილი ყოველთვის იგივე იქნება, თუმცა არის მომენტები, როცა გუნდი წარმატებით ასპარეზობს, ან პირიქით. ჩემი აზრით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ბარსას საფეხბურთო ფილოსოფიაა, რომელიც არასდროს შეიცვლება. ბლაუგრანა კარგი გუნდია, სხვებისგან განსხვავდება და შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. ვნახოთ კატალონიელები რას მიაღწევენ. წარმატებასა და იმედგაცრუებას შორის ერთი ნაბიჯია. შარშან ეს მშვენივრად გამოჩნდა. სეზონის ბოლოსკენ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად კლუბმა ფიასკო განიცადა“.
ჩავის და ინიესტას გარეშე დარჩენილ ბარსელონაში, დე იონგი და არტური საიმედოები არიან?
„დე იონგი და არტური მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მოედანზე უდიდესი როლი აქვთ. ისინი დროს, ბურთსა და სიტუაციას აკონტროლებენ. მათ დიადი ფეხბურთელების ჩანაცვლება მოუწიათ, მაგრამ ბუსკეტსის, რაკიტიჩისა და სხვა ნახევარმცველების დახმარებით ყველაფერი გამოუვათ“.
როგორც ჩანს ხორვატი ფეხბურთელი ზამთარში გუნდს დატოვებს. გაუშვებდი შენ მას „ბარსადან“?
„რა თქმა უნდა არა. პირადად მე ვთვლი, რომ რაკიტიჩი მაღალი დონის ფეხბურთელია. წლეულს მას იგივე როლი არ აქვს, რაც შარშან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდი მოთამაშეა“.
ანსუ ფატიზე რას ფიქრობ?
„ფატი შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ახალგაზრდაა და შანსებს აუცილებლად მიიღებს, მთავარია მან ეს შანსები გამოიყენოს. ბარსელონას ძირითად გუნდში თამაში ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. სწორედ ამიტომ მოედანზე გატარებული წუთებით მაქსიმალურად უნდა ისარგებლო“.
როცა მესი „ბარსელონას“ დატოვებს, „ბლაუგრანას“ იგივე პრობლემები შეექმნება, რაც „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ?
„ლეოს წასვლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ გუნდი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ფეხბურთელი ან მწვრთნელი“.
გრიზმანი „ბარსელონაში“ გადავიდა. „კამპ ნოუზე“ ალბათ ნეიმარიც დაბრუნდება. როგორ ფიქრობ, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები ერთმანეთს უპრობლემოდ შეეწყობიან?
„თუ ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდება, ორი აზრი არაა, რომ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდება. თუმცა დაზუსტებით არ ვიცი ამდენი ტოპ კლასის ფეხბურთელი ერთმანეთს როგორ შეეწყობა“.