ვალვერდეს გაშვება გადაწყდა?
Aa
Aa

ვალვერდეს გაშვება გადაწყდა? "ბარსელონაში" კუმანს ელოდებიან

როგორც ჩანს, სეზონის დასრულების შემდეგ, ანუ 2020 წლის ზაფხულში ერნესტო ვალვერდე „ბარსელონას“ დატოვებს.

ესპანური AS-ი წერს, რომ „ბარსელონამ“ ბასკი სპეციალისტის გაშვება უკვე გადაწყვიტა და ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება. არ ექნება მნიშვნელობა თუ რა შედეგით დაასრულებს გუნდი სეზონს.

ბარსელონაში ვალვერდეს პოპულარობა ნელ-ნელა ნულს უახლოვდება. მისი სათამაშო ფილოსოფია და სტილი კატალონიელი ქომაგებისთვის მიუღებელია და როგორც ჩანს, მწვრთნელი გავლენას მოთამაშეებშიც კარგავს.

მადრიდული გამოცემა ვალვერდეს შემცვლელის შესახებაც წერს. 56 წლის ლეგენდარული რონალდ კუმანი „ბლაუგრანას“ ჩაბარების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

კუმანი ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებს ხელმძრვანელობს, მაგრამ მის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ მას „ნარინჯისფრების“ დატოვების უფლება აქვს.

წყარო ვარაუდობს, რომ ამ პუნქტს კუმანი „ბარსას“ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ კუმანი „ბარსას“ ლეგენდაა და კლუბმა პირველი ჩემპიონთა ლიგა მისი გოლის წყალობით მოიგო, ჰოლანდიელი სპეციალისტი „ბლაუგრანას“ სათამაშო ფილოსოფიასთან ახლოსაც კი არ არის.

კუმანის სამწვრთნელო კარიერას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ მას 1-2 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გუნდიდან ითხოვენ. რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

ყველას კარგად ახსოვს რა დღეში ჩააგდო კუმანმა „ვალენსია“, რომელსაც საშინელ ფეხბურთს ათამაშებდა და მიუხედავად სამეფო თასის მოგებისა, „ღამურებმა“ სეზონის ბოლოს ის დაუფიქრებლად დაითხოვეს.

ზედმეტად პრაგმატული იყო კუმანის „საუთჰემპტონი“ და „ევერტონიც“.

ამ ეტაპზე კუმანი ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ითვლება, თუმცა მისი საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და „ბარსელონაში“ ვალვერდეს შემცვლელად კიდევ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, რომელთა შორის „ჯენოას“ თავკაცი ტიაგო მოტაც არის, რომლის ფილოსოფია „ბარსასთან“ გაცილებით ახლოსაა, ვიდრე კუმანის.

სეზონის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი გამოიკვეთება, ამჯერად კი რაიმეზე გადაჭრით საუბარი საკმაოდ რთულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები