Aa
Aa

მერტენსმა მარადონას გადაასწრო და "ნაპოლის" ყველა დროის რეკორდამდე 5 გოლი აშორებს

დრის მერტენსმა „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირთა დავაში დიეგო მარადონას გადაასწრო. მერტენსმა „ზალცბურგთან“ დუბლი შეასრულა, რითაც „პარტენოპეის“ მაისურით 116 გოლი მოუგროვდა, რაც ლეგენდარული არგენტინელის მაჩვენებელზე ერთი ბურთით მეტია.

32 წლის ბელგიელი ნეაპოლიტანელთა ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მარეკ ჰამშიკს ჩამორჩება, რომელსაც 121 გოლი აქვს გატანილი. მერტენსს „ნაპოლის“ მაისურით 292 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 116 გოლთან ერთად, 69 საგოლე პასიც მიითვალა.

დრისი იტალიურ კლუბში 2013 წელს, პსვ-დან გადავიდა და თავიდან რაფა ბენიტესი გარემარბად ათამაშებდა, მაურიციო სარიმ კი იგი ცენტრფორვარდად და მეორე ფორვარდად აქცია, რაც ბელგიელის შედეგიანობაზეც აისახა. მერტენსმა სერია A-ს 2016-2017 წლების გათამაშებაში 28 გოლი შეაგდო.

„ნაპოლიმ“ „ზალცბურგთან“ მოპოვებული გამარჯვებით 7 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან „ლივერპულს“ ქულით უსწრებს. ნეაპოლელები ორი კვირის შემდეგ „ზალცბურგს“ უკვე „სტადიო სან პაოლოზე“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები