8 მიზეზი თუ რატომ ვერ მოხვდა ნეიმარი „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  13:02

8 მიზეზი თუ რატომ ვერ მოხვდა ნეიმარი „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის

გუშინ პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის", მეკარეებს შორის - იაშინის ჯილდოსა და ახალგაზრდებს შორის - Kopa Trophy-ის 2019 წლის ნომინანტები დაასახელა.

„ოქროს ბურთის“ მოგების პრეტენდენტთა შორის „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, ნეიმარი არაა. მოგვიანებით ფრანგულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მიღებული გადაწყვეტილება ახსნა, „ნეის“ ბოლო 10 თვიან თავგადასავალს „შავი წელიწადი“ უწოდა და 8 მიზეზი დაასახელა, თუ რატომ ვერ მოხვდა ბრაზილიელი „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის.

23 იანვარი - მეტატარსალის დაზიანება

27 წლის შემტევმა „სტრასბურთან“ სათასო მატჩისას მარჯვენა ფეხის მე-5 მეტატარსალი დაიზიანა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების ორივე შეხვედრა გამოტოვა და ლიგა 1-ში პირველ აპრილამდე ვერ ითამაშა.

6 მარტი - მსაჯის კრიტიკა

„მანჩესტერთან“ ჯახში ბრაზილიელი მოედანზე არ იმყოფებოდა, თუმცა საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. შეხვედრის შემდეგ „ნეიმ“ მთავარი მსაჯი, დამირ სკომინა გააკრიტიკა. პსჟ-ს ლიდერმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და სლოვენიელი არბიტრი და მისი თანაშემწეები მიწასთან გაასწორა.

27 აპრილი - ნეიმარი და ერთ-ერთი გულშემატკივარი

საფრანგეთის თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ნეიმარი მედლის მისაღებად მიდიოდა, როცა ქომაგმა ასეთი სიტყვებით მიმართა: „ფეხბურთის თამაში ისწავლე“. ბრაზილიელს ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა და გულშემატკივარს ხელი ჰკრა, რის გამოც სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

6 ივნისი - კოჭის ტრავმა და კოპა ამერიკა

ნეიმარმა ყატართან გამართულ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და 2019 წლის კოპა ამერიკა გამოტოვა. „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა „სელესაოს“ წარმატებულ გამოსვლას თვალი ტრიბუნებიდან ადევნა.

9 აგვისტო - ნაჟილა ტრინდადის ბრალდება

ბრაზილიელმა მოდელმა, ნაჟილა ტრინდადემ ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, თუმცა ბრალდებები არ დადასტურდა და სასამართლომ „ნეი“ უდანაშაულოდ ცნო.

სატრანსფერო ამბები - ნეიმარი და ბარსელონა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას უცხოურ პრესაში ნეიმარის შესახებ ყოველდღიურად იწერებოდა. ბრაზილიელს „პარკ დე-პრენსის“ დატოვება სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და იძულებული გახდა პსჟ-ში დარჩენილიყო.

14 სექტემბერი - პსჟ-ს ქომაგების რისხვა

გამოჯანმრთელების შემდეგ, ნეიმარმა პსჟ-ს მაისურით პირველი შეხვედრა „სტრასბურის“ წინააღმდეგ გამართა. ამ მატჩში „ნეის“ თავს პარიზული გრანდის ქომაგების რისხვა დაატყდა. გულშემატკივრებმა შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს და მატჩის მიმდინარეობისას ნეიმარს ბო**სშვილი უწოდეს.

13 ოქტომბერი - კიდევ ერთი ტრავმა

ნიგერიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც კიდევ რამდენიმე კვირას იუქმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები