ვალვერდე
Aa
Aa

ვალვერდე "ელ კლასიკოს" გადადების წინააღმდეგია: "ლა ლიგის კალენდარსა და ქომაგებს პატივი უნდა ვცეთ"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე აცხადებს, რომ წლევანდელი სეზონის პირველი "ელ კლასიკო" 26 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" უნდა ჩატარდეს. როგორც მოგეხსენებათ კატალონიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და არის ვარაუდი, რომ "ელ კლასიკოს" მიმდინარეობისას ისინი რადიკალურ ქმედებებს მიმართავენ. ლა ლიგა სწორედ ამიტომ ფრთხილობს, თუმცა ვალვერდე მიიჩნევს, რომ "რეალთან" ჯახი "კამპ ნოუზე" დათქმულ დროს უნდა გაიმართოს.

"ამ მატჩზე ბევრს საუბრობენ. იყო იდეა, რომ პირველი შეხვედრა მადრიდში გამართულიყო, მაგრამ ბარსელონა ამის წინააღმდეგია".

"ჩვენ ლა ლიგის კალენდარსა და გულშემატკივრებს პატივი უნდა ვცეთ და წესითა და რიგით საშინაო კედლებში ვიასპარეზოთ, თუმცა ვნახოთ რა მოხდება".

"ყველა თანხმდება, რომ ბარსელონას საკმაოდ უცნაური პერიოდი უდგას, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს და გვჯერა, რომ ელ კლასიკო კამპ ნოუზე გაიმართება. ჩვენ სწორედ ეს გვინდა".

"მატჩამდე 9 დღეა დარჩენილი. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს ვანდა მეტროპოლიტანოზე ვითამაშეთ და ყველა ამბობდა, რომ გულშემატკივრებს შორის სიტუაცია დაიძაბებოდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. დარწმუნებულები ვართ ამჯერადაც იგივე მოხდება".

"ყველა თამაშის გადადებაზე საუბრობს და ვფიქრობ კარგი შანსია ვაჩვენოთ, რომ ოპონენტებს პატივს ვცემთ და მატჩის კამპ ნოუზე გამართვასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები