Le10sport:
Aa
Aa

Le10sport: "ბარსა" პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ გრიზმანს შესთავაზებს

როგორც ჩანს ნეიმარის სატრანსფერო საგა 2020 წლის ზაფხულში კვლავ განახლდება და რა თქმა უნდა ბრაზილიელის ნომერ პირველი მსურველი „ბარსელონაა“.

ამჯერად საქმეში ანტუან გრიზმანი ერთვება. ფრანგული გამოცემა Le10sport-ი წერს, რომ „ატლეტიკოს“ ყოფილმა შემტევმა „კამპ ნოუზე“ ფეხი ვერ მოიკიდა და მისი „ბარსელონური“ მომავალი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება.

ერნესტო ვალვერდე გრიზმანს მარცხენა ფორვარდად იყენებს, სადაც ანტუანი მისი შესაძლებლობების მხოლოდ 10%-ს ავლენს. ბუნებრივია 120 მილიონად შეძენილი ფეხბურთელის ასე გამოყენება სახარბიელო არავისთვისაა.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ გრიზმანი დღემდე ვერ შეეწყო მესის. არგენტინელს ის მოედანზე ვერ უგებს და თითქმის ყველა შეხვედრის მეორე ნახევარში მას მოედნის დატოვება უწევს.

მესი-სუარესის დუეტო იდეალურადაა შეთამაშებული და მათი მესამე პარტნიორი მარცხენა ფრთაზე მოთამაშე ფორვარდი უნდა იყოს, რომლის როლსაც გრიზმანი ვერასდროს მოირგებს.

Le10sport-ი წერს, რომ 2020 წლის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსა“ პსჟ-ს გრიზმანისა და ნეიმარის გაცვლას შესთავაზებს. კატალონიელები ამით ბრაზილიელის ზედმეტად მაღალ ფასს დაწევენ და მას მარტივად გაიფორმებენ. მეორეს მხრივ ასეთი წინადადების წინააღმდეგი არც პარიზელები უნდა იყვნენ, რომლებსაც ნეიმარის გამოხტომები ყელში აქვთ ამოსული.

"მესი იმ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ, ასევე ვარ მეც. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთში საუბარი რთულად გამოგვდის”, - ეს სიტყვები გრიზმანს ეკუთვნის. ანტუანმა ეს რამდენიმე დღის წინ თქვა და აქედანაც ნათლად ჩანს, რომ მათ ჯერჯერობით ერთმანეთს ვერც მოედანზე და ვერც მის მიღმა გაუგეს.

ზოგადად, „ბარსას“ გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურია. 28 წლის გრიზმანის შეძენა, რომლის პოზიციაც გუნდში არ მოიძებნება. ამ ყველაფერს ემატება ვალვერდე, რომელიც ანტუანს როტაციისა და მესის არყოფნის დროსაც მარცხენა ფორვარდ იყენებს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ფრანგ ფეხბურთელს კატალონიელები ჯერჯერობით საერთოდ ვერ იყენებენ.

ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ფრანგული გამოცემის ვარაუდი და გრიზმანის ამჟამინდელი მდგომარეობის დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნაა. ვნახოთ რა მოხდება სეზონის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები