არგენტინის ნაკრებმა სერბეთს ოცნება წაართვა!
Aa
Aa

არგენტინის ნაკრებმა სერბეთს ოცნება წაართვა!

დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფები დაიწყო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და გულშემატკივარმა ალბათ ტურნირის საუკეთესო მატჩი იხილა. საკალათბურთო სამყარო აშკარა ფავორიტად ჯორჯევიჩის გუნდს მოიაზრებდა, თუმცა სამხრეთ ამერიკელებმა საოცრად იასპარეზეს და მეტოქეს ზედრამატულ ბრძოლაში - 97 – 87 სძლიეს.

სერბეთი მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო, თუმცა არგენტინა დიდი ჰანდიკაპის მოპოვებას ვერ ახერხებდა. გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელსაც სამხრეთ ამერიკელები მინიმალური უპირატესობით შეხვდნენ. ბოლო ათწუთეული ლუის სკოლამ და კომპანიამ უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, სერბებს შანსი არ დაუტოვეს და ფლეიოფის პირველი სენსაცია გამოაცხვეს!

არგენტინელთა გამარჯვება გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. "ალბისელესტეს" რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ გადალახა. წარმატების მთავარი შემოქმედები კი ლუის სკოლა და ფაკუნდო კამპაცო იყვნენ! 39 წლის სკოლამ 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. კამპაცომ კი 18 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა დააგროვა.

ზემოთ ხსენებული დუეტის გარდა 15 ქულით პატრიციო გარინო გამოირჩა. გაბრიელ დეკმა 13 ქულას მოუყარა თავი. ლუკა ვილდოსას ანგარიშზე კი 11 ქულა იყო.

სერბებს 21 ქულით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. ნემანია ბიელიცამ 18 ქულა გაიფორმა. ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა 16 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა, ხოლო ვლადიმირ ლუჩიჩმა გუნდს 12 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა აშშ-სა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები