ოპერაცია ნეიმარი -
Aa
Aa

ოპერაცია ნეიმარი - "ბარსელონამ" კრახი განიცადა?

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo იტყობინება, რომ ნეიმარის „ბარსელონაში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ „ნეი“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნდეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის სანაცვლოდ 215 მილიონ ევროს ითხოვს. „ბარსამ“ ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე თანხმობა განაცხადა და ფრანგულ გრანდს წინადადებით მიმართა. პსჟ-მ „ბლაუგრანა“ უარით გაისტუმრა და კონტრ-შეთავაზება გაუკეთა, რომლის მიხედვითაც ივან რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტოდიბო, უსმან დემბელე (იჯარა) და 130 მილიონი ევრო მოითხოვა.

„ბარსელონას“ მმართველმა საბჭომ პარიზელთა წინადადება განიხილა და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უარი განაცხადა. Mundo Deportivo-ს ცნობით კატალონიელთა უარის შემდეგ ნეიმარის „კამპ ნოუზე“ დაბრუნება გამორიცხული გახლავთ და ძალიან ცოტაა ალბათობა, რომ კლუბებმა მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში განაახლონ.

Mundo Deportivo-სგან განსხვავებით Sport იტყობინება, რომ „ბლაუგრანა“ დანებებას არ აპირებს და 2 სექტემბრამდე ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. „ნეის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ წინაღობებს ხაზს Sport-იც უსვამს და „ბარსას“ ქომაგებისთვის იმედისმომცემ პროგნოზს ვერ აკეთებს.

აქვე დავძენთ, რომ ესპანური პრესა ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ თუ „ბარსელონას“ ხელი მოეცრებოდა, საქმეში მადრიდის „რეალი“ ჩაერთვებოდა. საინტერესოა „სამეფო კლუბი“ გარისკავს თუ არა. დღევანდელი ინფორმაციით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარის „პარკ დე-პრენსზე“ დარჩენის შანსი უფრო დიდია, ვიდრე წასვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები