Aa
Aa

ალექსის სანჩესი - "მანჩესტერ იუნაიტედის" იმედგაცრუება

„მანჩესტერ იუნაიტედს“ იმედი ჰქონდა ალექსის სანჩესი გახდებოდა ფეხბურთელი, რომელიც „წითელი ეშმაკების“ აღზევებაში უდიდეს წვლილს შეიტანდა. თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლიდან 18 თვის შემდეგ ჩილელი შემტევი დაკარგულ სულს ჰგავს...

30 წლის მოთამაშე, ვისი გადაბირებითაც პსჟ, „ჩელსი“, „იუვე“, „სიტი“ და ჩინური კლუბები ინტერესდებოდნენ, ნამდვილად არ ელოდა, რომ „მანჩესტერთან“ კონტრაქტის გაფორმება დასასრულის დასაწყისი იქნებოდა... ახლა კი სანჩესი „ინტერში“ მიდის და საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ანტონიო კონტეს გუნდში შეეცდება.

ალექსისი „ოცნებათა თეატრზე“ 2018 წლის იანვარში გადავიდა და „წითელ ეშმაკებს“ „არსენალისთვის“ ჰენრიხ მხითარიანის დათმობა მოუწიათ. მაშინ საფეხბურთო ელიტა თვლიდა, რომ „მანჩესტერმა“ სარფიანი ტრანსფერი გაჩარხა, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი სხვანაირადაა.

სანჩესის პრობლემები იმდენად აშკარა იყო, რომ „იუნაიტედი“ ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩილელი რაც შეიძლება სწრაფად გაესხვისებინა.... ფეხბურთელი, რომელზეც უდიდესი ავანსები იყო გაცემული, „მანჩესტერის“ იმედგაცრუება გახდა.

სანჩესი „ოლდ ტრაფორდს“ 45 შეხვედრაში გატანილი 5 გოლითა და 9 შედეგიანი გადაცემით ემშვიდობება.

„იუნაიტედისთვის“ ჩილელის კრახი მოულოდნელი ალბათ არ უნდა ყოფილიყო. „არსენალის“ მაისურით ჩატარებული ბოლო სეზონის ნახევარში ალექსისმა 8 გოლი შეაგდო, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა და ჩვეული სისწრაფე აკლდა.

„მანჩესტერში“ გადასვლისას სანჩესი 29 წლის იყო და კლუბი თვლიდა, რომ მას რესურსი კიდევ ჰქონდა. „წითელი ეშმაკები“ იმედოვნებდნენ, რომ ჩილელის დახმარებით „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მაგრამ მიიღეს ფეხბურთელი, რომელიც შეუჩერებელი ალექსისის აჩრდილიღა იყო.

სანჩესის ფიასკო რაღაც მხრივ მოედნის მიღმა არსებულ პრობლემებს უკავშირდება. „მანჩესტერის“ ბაზაზე სამხრეთ ამერიკელი თავს საშინლად გრძნობდა და ხშირად საჭმელს თანაგუნდელებისგან მოშორებით, მარტოსული ადამიანივით მიირთმევდა.

ამ ყველაფერს ტრავმები დაემატა... „იუნაიტედმა“ ყველაფერი გააკეთა, რათა ალექსისს თავისი თამაში ეპოვნა და გუნდის თავკაცებმა იგი სხვადასხვა პოზიციებზე გამოსცადეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ სანჩესი სასტარტო შემადგენლობას დაემშვიდობა და თამაშში ძირითადად სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა.

ალექსისის კარიერაში პოზიტიური მომენტებიც იყო. მაგალითად ასოციაციის თასზე „არსენალის“ კარში გატანილი გოლი, თუმცა სანჩესის მანჩესტერული თავგადასავალი უმეტესწილად სრული კატასტროფა გახლდათ.

ჩილელმა ფეხბურთელმა ყველაზე ცუდი შეხვედრა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგაზე „სევილიას“ წინააღმდეგ ჩაატარა. იგი ბურთს ხშირად კარგავდა და აშკარა იყო, რომ თავდაჯერებულობა აკლდა.

სანჩესის კრახის გამომწვევ მიზეზად ბრიტანული პრესა მის ხასიათსაც ასახელებს. ალექსისი ის ფეხბურთელია, რომელსაც უშრეტი ენერგია აქვს, მაგრამ არ იცის როგორ გამოიყენოს...  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები