„დედა მე პირველ გუნდთან ერთად მივდივარ“ - ანსუ ფატი -
Aa
Aa

„დედა მე პირველ გუნდთან ერთად მივდივარ“ - ანსუ ფატი - "ბარსას" ტალანტის ისტორია

ლა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი „კამპ ნოუზე“ შედგა, „ბარსამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და 5:2 გაიმარჯვა.

გარდა იმისა, რომ შეხვედრა სანახაობრივი და ლამაზი გოლებით დახუნძლული იყო, მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი 78-ე წუთზე დაფიქსირა, როდესაც მოედანზე კლუბის აკადემიის აღზრდილი ანსუ ფატი შემოვიდა.

მისი სრული სახელი და გვარი ანსუმანე ფატი გახლავთ. იგი 2002 წლის 31 ოქტომბერს გვინეა-ბისაუში დაიბადა.

ფატი მოედანზე გამოჩენისას 16 წლისა და 298 დღის იყო და ამ მაჩვენებლით, მან კლუბის ისტორიაში მე-2 შედეგი დააფიქსირა.

ფატიზე წინ ვისენს მარტინესი იმყოფება, რომელმაც „ბარსას“ მაისურით 1941 წლის ოქტომბერში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშა. ის 16 წლისა და 280 დღის გახლდათ.

ანსუ ფატიმ მისთვის ამ ისტორიული შეხვედრის შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა: „სიმართლე ის არის, რომ მე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მადლობა ყველას, კლუბს, მწვრთნელსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც კარგად მიმიღეს.

ვუყურებდი ჩემს მშობლებს, რომლებიც აქ მოსახვედრად გვერდში მედგნენ. ჩემს ქვეყანაში იმიტომ დავრჩი, რომ ამ ყველაფრის არ მჯეროდა, ახლა კი მომენტით უნდა ვისიამოვნო და მადლობის გარდა სათქმელი არაფერი მაქვს“.

პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ კომენტარი ფატის მამამაც გააკეთა, რომელმაც პრესას საინტერესო ისტორია მოუყვა: „მე უკეთესი შემოთავაზება მქონდა მადრიდის „რეალიდან“, რომელიც გაცილებით მეტ ფულს გვთავაზობდა. ამის შემდეგ ჩემთან ალბერტ პუიგი მოვიდა და მითხრა, რომ ეს „ბარსა“ იყო და მათ პროექტი ჰქონდათ.

მათ მითხრეს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს შვილს სწორედ აქ ვნახავდი. ვიცოდით, რომ ანსუ მონდომებით ვარჯიშობდა და ბევრს შრომობდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მალე ის ამას მიაღწევდა და ამ ცხოველებთან ერთად ითამაშებდა. ის პიკესთან ერთად ვარჯიშობს...

ამ ყველაფრის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩემი ტელეფონი კი დუმდა. შემდეგ მან დედამისს დაურეკა - „დედა მე პირველ გუნდთან ერთად მივდივარ“ - ამის გაგონების შემდეგ მე დავხტოდი და არ მჯეროდა რაც მოვისმინე.

„მე ვერაფერს ვხვდები მამა, ვერ ვჭამ, ვერ ვიძინებ. ჩემი კუმირი? ჩემი კუმირი ჩემი მწვრთნელები არიან მამა, რომლებიც „ბარსელონაში“ მყავდნენ“. მე „ბარსელონაში“ მისი დებიუტი ვნახე, ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე. ეს მხოლოდ ერთხელ არ მოხდება, ეს კიდევ ბევრჯერ იქნება“. - განაცხადა ბორი ფატიმ.

ბეტისთან" მოგებული მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ანსუ ფატისთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო:

"დიდებული პერფორმანსი მთელი გუნდის შესრულებით. პირველი სამი ქულა ლა ლიგაში და ბედნიერი ვარ პირველ გუნდში ჩვენი აკადემიის აღზრდილების ხილვით. მათ ოცნება აისრულეს და "კამპ ნოუზე" ოფიციალურ შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლეს".

ფატი „ბარსელონას“ აკადემიის წევრი 2013 წელს გახდა. ის ამპლუით ფლანგის ფორვარდია. ორივე ფრთაზე თანაბრად კარგად მოქმედებს და ცენტრფორვარდადაც შეუძლია თამაში.

ფატიმ უეფას 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამრიგად, „ბარსას“ მორიგი ტალანტი ეზრდება, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება უკვე მიიპყრო, ამიერიდან ჯერი მასზეა, ფატის პირველ გუნდში თამაშის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემა და უახლოეს წლებში მისი ნამდვილი შესაძლბელობებიც გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები