ხეჩიკაშვილი:''შოკში ვართ... უეფას მივმართავ''
Aa
Aa

ხეჩიკაშვილი:''შოკში ვართ... უეფას მივმართავ''

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''საბურთალო'' ''მიხეილ მესხზე'' ''არარატ-არმენიასთან'' 0:2 დამარცხდა. პირველი მატჩი სომხეთში ''საბურთალოს'' გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში სომხეთის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონი 3:2 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისური შეხვედრა გარიგებული იყო.

''საბურთალოს'' პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია ''იმედთან'' ისაუბრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:''დიდი ბოდიში ყველა გულშემატკივარს. ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები მაქვს. ''არარატ-არმენიასთან'' მარცხი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეა.

სოციალურ ქსელში ვნახე კომენტარები, გუნდის ასეთი ჩაქოლვა ვერ წარმომედგინა.

საშინელი შედეგი დაფიქსირდა, უფლება არ გვქონდა გულშემატკივრების იმედები არ გაგვემართლებინა. შოკში ვართ, მაგრამ კიდევ უფრო შოკში ვართ, როცა კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმა.

ბუნებრივია, როცა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასა და ფეხბურთელთა ასპარეზობაზე კითხვები ჩნდება. აუცილებელია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ასეთი ცუდი შედეგები თავიდან ავიცილოთ.

ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად გუნდში ინვესტიციები მომაქვს. ''საბურთალო'' ჩვენ შევქმენით, როგორც ვენახს აშენებს ადამიანი, როგორც საკუთარ შვილს ისე ვუვლიდი და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ წლებში დაგროვებულ კაპიტალს, გულშემატკივართა სიყვარულს ვინმე რაიმეს საფასურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ერთ მხარეს ხალხის სიყვარულია, მეორე მხარეს კი ლანძღვა.

პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ ევროპა ლიგაზე წარმატებით უეფადან საკმაოდ დიდ ბონუსებს მივიღებდით. გარდა ამისა თითოეული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი სამჯერ და ოთხჯერ გაიზრდებოდა.

რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს მოუნდება 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

მე როგორც კლუბის პრეზიდენტი გამოვდივარ ინიციატივით და მივმართოთ უეფას შესაბამის ორგანოს, რომ დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა. როგორც წესი უეფა ასეთ თამაშებს თვითონ სწავლობს, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

''საბურთალო'' ყოველთვის თავისი რეპუტაციით მოდიოდა, ეს იცის ყველამ.

ერთ დღეს შესაძლოა ისეთმა ხალხმა გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან შეხება არ აქვს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები