Aa
Aa

შმეიხელი მაგუაიერს აქებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა, პიტერ შმეიხელმა „წითელი ეშმაკების“ ახალწვეული, ჰარი მაგუაიერი შეაქო. დანიელმა მეკარემ Mirror.com-თან საუბრისას განაცხადა, რომ ინგლისელი უკანახაზელის თამაშით აღფრთოვანებულია და დიდი ხანია მისი გულშემატკივარია.

„პირველად, როცა ლესტერში მაგუაიერის თამაში ვნახე, მის მიმართ სიმპათიები მაშინვე გამიჩნდა. რამდენიმე მატჩის ხილვის შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს ბიჭი მანჩესტერ იუნაიტედისთვის იყო შექმნილი“.

„ყველა დამეთანხმება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მან შესანიშნავად იასპარეზა და ინგლისის ნაკრებში საუკეთესო იყო“.

„მაგუაიერი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც საკუთარი ნახევრიდან ბურთის წამოღება შეუძლია. ამით ბევრი ცენტრალური მცველი ნამდვილად არ გამოირჩევა“.

აქვე დავძენთ, რომ რამდენიმე საათის წინ მაგუაიერის შესახებ ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. „მანჩესტერ სიტი“ ინგლისელ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით კვირაში 278 000 ფუნტს სთავაზობდა, თუმცა 26 წლის უკანახაზელის ოცნება „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა იყო. მაგუაიერმა „წითელ ეშმაკებთან“ 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კვირაში 190 000 ფუნტს იღებს. ეს 88 000 ფუნტით ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც ინგლისელს „ქალაქელები“ სთავაზობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები