Aa
Aa

"ჩელსის" ქომაგების უცნაური შურისძიება

ლონდონის „ჩელსის“ ქომაგები დავიდ ლუიზის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააცოფა. ბრაზილიელი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „სტემფორდ ბრიჯიდან“ მოსისხლე მტრის, „არსენალის“ რიგებში გადაბარგდა.

„მეთოფეების“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას ლუიზმა ისიც განაცხადა, რომ „არსენალში“ ტიტულების მოსაგებად გადავიდა, რამაც „ლურჯების“ გულშემატკივრების რისხვა გამოიწვია.

„ჩელსის“ ქომაგებმა შურისძიების უცნაურ გზას მიაგნეს. მათ ლუიზის იტალიურ რესტორანს, Babbo-ს, რომელიც ლონდონში მდებარეობს საშინელი შეფასებები დაუწერეს. „არისტოკრატების“ ფანატებმა რესტორანი მიწასთან გაასწორეს და მას გულისამრევი და გველებით სავსე ადგილი უწოდეს. 

გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას.

"აქ რამდენჯერმე ვიყავი. კარგი კერძი დიდი იშვიათობაა, თუმცა გველებს მშვენივრად ამზადებენ".

"ჩემს კერძში თმის ღერი ვიპოვე! ფულს ტყუილად ნუ დაკარგავთ".

"საშინელი მომსახურება, ამაზრზენი საკვები, აქ მოსვლას არ გირჩევთ".

აღსანიშნავია, რომ „ლურჯების“ გულშემატკივრები უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან Babbo-ს თანამფლობელი მათი ფავორიტი და „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერი - ვილიანია.

რესტორანი გასული წლის აპრილში გაიხსნა და მას სხვა ვარსკლავებთან ერთად რიო ფერდინანდი და კრიშტიანუ რონალდუ ესტუმრნენ.

რაც შეეხება ლუიზს, მან გასულ სეზონში "არისტოკრატების" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა. "სტემფორდ ბრიჯზე" იგი 2011 წლის იანვარში გადავიდა, მაგრამ 2014-ში პსჟ-ს მიაშურა და ორი წლის შემდეგ კვლავ "ლურჯებს" დაუბრუნდა.

„ჩელსისთან ერთად ლუიზმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები