Aa
Aa

კოვაჩმა ბოდიში მოიხადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო, პეპ გუარდიოლას ბოდიში მოუხადა.

„რეკორდმაისტერი“ ახალგაზრდა გერმანელის გადასაბირებლად იბრძვის და ხორვატმა სპეციალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ სანეს შეძენა გვსურს და კლუბი ტრანსფერზე მუშაობს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ლეროის გადაბირებას მოვახერხებთ“.

„ფენერბახჩესთან“ 6-1-ით მოგებული მატჩის შემდეგ კოვაჩის სიტყვებს „ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხორვატი სპეციალისტის განცხადება არ მოეწონა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული გერმანელის პოზიცია „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიძიჩმაც გაიზიარა.

საბოლოოდ კოვაჩი მიხვდა, რომ საზღვრებს გასცდა და საკუთარი შეცდომის გამოსწორება სცადა. ZDF-თან საუბრისას „რეკორდმაისტერის“ დამრიგებელმა აღნიშნა: „მე და კლუბის ხელმძღვანელებმა მომხდარის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ის ინტერვიუ ალბათ შეურაცხყმყოფელი იყო. პეპ გუარდიოლას ველაპარაკე და ბოდიში მოვუხადე. მინდა ასევე კლუბსაც მოვუბოდიში. სამომავლოდ ასეთი კომენტარების გაკეთებისგან თავს შევიკავებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები