Aa Aa
17 ივლისი 2019  |  15:09

Marca: "ატლეტიკომ" მარიო ერმოსოს ტრანსფერი შეათანხმა!

მადრიდული Marca-ს ცნობით, „ატლეტიკომ“ და კატალონიურმა „ესპანიოლმა“ მარიო ერმოსო ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. „როხიბლანკო“ უნივერსალი მცველის სანაცვლოდ მის გამოსასყიდ თანხას, 40 მილიონ ევროს, გადაიხდის.

გამოცემა იუწყება, რომ მხარეები ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოაცხადებენ, ხოლო ერმოსო „ათლეტთა“ წინასასეზონო მზადებას პარასკევიდან შეუერთდება.

24 წლის ერმოსოს „ესპანიოლში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ლა ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და სტაბილური თამაშით ესპანეთის ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა. თავად „ესპანიოლმა“ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

როგორც უკვე ვახსენეთ, ერმოსო უნივერსალია და დიეგო სიმეონეს მისი გამოყენება დაცვის ცენტრის გარდა, მარცხენა მხარესაც შეეძლება.

დიეგო გოდინის გაშვების შემდეგ „ატლეტიკო“ ცენტრალური დაცვის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს. ამჟამად სიმეონეს განკარგულებაში ხოსე მარია ხიმენესი, ფელიპე მონტეირო, სტეფან სავიჩი და „პორტუდან“ დამატებული ფელიპე არიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები