''სევილია'' აბურჯანიას ტრანსფერზე ჰოლანდიურ კლუბს შეუთანხმდა
Aa
Aa

''სევილია'' აბურჯანიას ტრანსფერზე ჰოლანდიურ კლუბს შეუთანხმდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიურ ''ტვენტეში'' გააგრძელებს, რომელიც ჰოლანდიის ელიტარულ ლიგას გასულ სეზონში დაუბრუნდა.

''ტვენტეს'' ხელმძღვანელებს აბურჯანიას დამატება 2018 წლის ზაფხულშიც სურდათ, თუმცა შეთანხმება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას შედგა. აბურჯანია კვლავ ''სევილიას'' საკუთრებაში რჩება და ჰოლანდიურ კლუბთან ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

ჰოლანდიური მედიის ცნობით ''სევილიასა'' და ''ტვენტეს'' შორის შეთანხმება შედგა. აბურჯანიამ 2018-19 წლების სეზონი იჯარის წესით ესპანეთის რანგით მეორე ლიგის ''ლუგოში'' გაატარა. მან  ''ლუგოს'' მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ''ნუმანსიას'' შეუგდო.

''ტვენტეს'' ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეუვენი ''ანორთოსისში'' გიორგი აბურჯანიასთან მუშაობდა. სწორედ ლეუვენის ინიციატივა იყო ქართველი ფეხბურთელის გადაბირება.

ლეუვენი ჰოლანდიაში ძალიან ცნობილია პერსონაა. როცა არნემის ''ვიტესის'' მფლობელი მერაბ ჟორდანია იყო, ლეუვენი კლუბის ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. ლეუვენი მალტურ ''ვალეტაშიც'' მოღვაწეობდა, როცა გუნდი ნუკრი რევიშვილთან და ირაკლი მაისურაძესთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ასევე ''ესბიერგშიც'' მუშაობდა, როცა გუნდის შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძე, ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი გამოდიოდნენ.

გასულ ზამთარში აბურჯანიას დამატება ''მალიორკას'' სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

2003-06 წლებში ''ტვენტეს'' შემადგენლობაში გოგა გახოკიძე გამოდიოდა. მან ჰოლანდიურ კლუბში  49 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები